logo
ENG



პროკურორი მტკიცებულებად ივერი მელაშვილის საჯაროდ გაკეთებულ განცხადებასაც წარადგენს

10 თებ 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock 694

პროკურორი მტკიცებულებად ივერი მელაშვილის საჯაროდ გაკეთებულ განცხადებასაც წარადგენს - თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც კარტოგრაფების საქმის წინასასამართლო განხილვა მიმდინარეობს, ბრალდების მხარე მოითხოვს, ივერი მელაშვილის წინააღმგდე მის მიერ გაკეთებული განცხადების გამოყენების უფლებაც მიეცეს. 

28 იანვარს, ციხიდან გათავისყფლების შემდეგ ივერი მელაშვილმა ტვ პირველის ეთერში მან თქვა: "როცა ხაზს უსვამ და ამბობ, რომ ეს მონაკვეთი შენია - როგორ არის შენი, როცა არ არის შენი". რასაც მოჰყვებოდა მისივე განმარტება, რომ მოლაპარაკების დროს ხისტი მოთხოვნები პროცესს აზიანებს და საჭიროა თანმიმდევრულად მუშაობა. თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენლების და მხარდამჭერების მხრიდან მელაშვილის ამ განცხადებას მასზე თავდასხმები მოჰყვა

ფორმულამ პროკურორს ჰკითხა, ხომ არ აქვს ამ მტკიცებულების წარდგენას პროპაგანდისტული საქციელი, ვინაიდან სწორედ ამ მიზნით იყენებდნენ მას სოციალურ ქსელებში ქართული ოცნების მხარდამჭერები და სხვა ჯგუფები. 

"მაგალითად ის, რომ დავით გარეჯი არ არის საქართველოს ტერიტორია". - თქვა მიხეილ სადრაძემ

ადვოკატები კი ამბობენ, რომ ბრალდებამ მტკიცებულებები კანონის დარღვევით მოიპოვა. 

"ეს დაკავშირებულია საზღვრის დაცვის პოლიციიდან გარკვეული აკრტოგრაფიული მასალის ამოღებასთან. კერძოდ, სასამართლოს მიერ გაცემული იყო ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ბრალდების მხარეს შეეძლო მტკიცებულებების ამოღება საზღვრის დაცვის დეპარტამენტის არქივიდან და ამის ნაცვლად არა არქივიდან, არამედ თანამშრომლების სამუშაო მაგიდებიდან ამოიღეს კარტოგრაფიული მასალები. ვგულისხმობთ ნატალია ილიჩოვას თანამშრომლის, ირმა გაბუნიას სამუშაო გარემოდან გარკვეული დოკუმენტების ამოღებას. პროკურატურას ამ გადაწყვეტილებით ამის უფლება არ ჰქონდა". - თქვა ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ. 

კიდევ ერთი ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის თქმით, დაუშვებელია, მტკიცებულება იყოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის მონაწილეობით ჩატარებული ექსპერტიზა. 

ჩვენ ვითხოვთ იმ ექსპერტიზების დაუშვებლობას, რომლებშიც მონაწილეობენ სუბიექტური პირები. ეს პირები არიან ბატონი ნოდარ ხორბალაძე - თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიული სამსახურის თანამშრომელი, რომელიც მთლიანად იყო ჩართული ამ ექსპერტიზაში, როგორც ექსპერტი. წარმოუდგენელია, რომ თავდაცვის სამინისტროს თანაშრომელი იყოს ჩართული ექსპერტიზაში, როცა ეს უწყება არის მხარე ამ საქმეში. როგორ შეიძლება, ეს ექსპერტიზა იყოს ობიექტური" - ამბობს მარიკაშვილი

*** 

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წლების განმავლობაში აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ 1995 წლიდან გაცხადებული ინტერესების შესაბამისად მოქმედებდნენ. 

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმებულია საზღვრის 446 კილომეტრიანი ზოლიდან 294 კილომეტრი, 152 კილომეტრი - შეუთანხმებელი. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 ტაძრიდან 3 - ჩიჩხიტური, უდაბნო და ბერთუბანი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მას შემდეგ მოექცა, რაც 1922 წელს ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს ყარაის ველი დაუთმეს. 1994 წლიდან აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენაზე ორმხრივი კომისია მუშაობს. კომისიას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს. 

2020 წლის 7 ოქტომბერს პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".  

უწყება ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებითად ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან". 

პროკურატურამ გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული რუკების საფუძველზე დაიწყო, რომელიც მათ, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, რუსეთში მომუშავე ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის დახმარებით მოიპოვეს. ფორმულას წყაროს ინფორმაციით, რუკა, რომელსაც ბრალდება ეყრდნობა, ხიდაშელმა, თავის მხრივ, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით მოიპოვა.

1 : 2 000 000-იანი მასშტაბის რუკა, რომლის არგამოყენებასაც პროკურატურა კარტოგრაფებს ედავება, ტერუტორიაზე არსებულ რეალობას არ შეესაბამება და 300-800 მეტრიან ცდომილებას იძლევა.

ბრალდების მხარის მიერ სწორად მიჩნეული რუკის არასწორობა დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა.  

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. 

იმავეს ამბობენ ადვოკატები და აცხადებენ, რომ არ მიეცათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება. მათივე თქმით, დაიღრვა დაცვის უფლება - სასჯელაღსრულების დაწესებულება ადვოკატებს საშუალებას არ აძლევს, კარტოგრაფებს კონფიდენციალურად დაელაპარაკონ. ამასთან დაკავშირებით დარღვევა სახალხო დამცველმა დაადგინა. პენიტენციური სამსახური კი აცხადებს, რომ ამაზე მოკვლევას დაიწყებს.

მელაშვილი და ილიჩოვა 28 იანვარს, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. პროკურატურის თქმით, გამოიკვეთა, რომ ისინი ზემდგომის დავალებას ასრულებდნენ, ამიტომ კარტოგრაფების დაკავების საჭიროება არ არსებობს. 


close დახურვა