logo
ENG



პრორუსი ჭიქაშვილი, რომელიც რუსეთ-საქართველოს პირველ რეისზე იფრენს, პუტინს მადლობას უხდის

19 მაი 202310:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/19/vxl8mwxwbgclh6n.jpg

რუსული სამთავრობო და პროპაგანდისტული მედია წერს, რომ მოსკოვი-თბილისის პირველ რეისზე პრორუსული ქართული დელეგაცია იფრენს, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" თავმჯდომარე მერაბ ჭიქაშვილი ხელმძღვანელობს.

მერაბ ჭიქაშვილი "ქართველი ხალხის უმრავლესობის სახელით ვლადიმერ პუტინს მადლობას უხდის".

"ჩემი და ჩემი ორგანიზაციის სახელით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სახელით მადლობას ვუხდი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომ მოაწერა ხელი განკარგულებას და დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა. ეს იყო ერის მოთხოვნა და ყველამ კარგად ვიცით, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამას... მთავარია არა მხოლოდ თავიდან დავიწყოთ, არამედ გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთობები, განსაკუთრებით ამ სიტუაციაში", - ამბობს პრორუსი ჭიქაშვილი.

დელეგაციაში ასევე შედის ვალერი კვარაცხელიაც, რომელმაც გუშინ Facebook-ზე დაწერა, რომ "19 მაისს თბილისის აეროპორტში ისტორიული თვითმფრინავი დაეშვება". 

ამ წუთებში ავიაკომპანია აზიმუტი რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ მოსკოვი-თბილისის პირველი რეისის შესასრულებლად ემზადება და რამდენიმე წუთში აფრინდება - რეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პროტესტით დახვდებიან.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

***

ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც. 


close დახურვა