პროფესიული კავშირი ერთობა 2013 მორიგ განცხადებას ავრცელებს და მერიასა და სატრანსპორტო კომპანიას ტყუილში ადანაშაულებს. კერძოდ, პროფკავშირში აცხადებენ, რომ ინფიცირებულია 50-მდე მეტროს მემანქანე და არა 25, როგორც ეს გუშინ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
გარდა ამისა, ერთობა 2013-ში აცხადებენ, რომ მემანქანეების გარდა, ინფიცირებულია 20 ადამიანი, რომელთც პირდაპირი შეხება აქვთ მატარებლის მოძრაობასთან.
"დღეს კიდევ ველოდებით 40-მდე მემანქანის პასუხს ლუგარიდან. ეს მხოლოდ ვარკეთილი - ახმეტელის ხაზზე, რაც შეეხება საბურთალოს ხაზიდან ჯერ არცერთი მემანქანე არ გაუგზავნიათ ლუგარში ტესტის ასაღებად. ვინც შეამჩნია სიმპტომები თავის ხარჯებით გააკეთა ტესტი და გადიან მკურნალობას", - ნათქვამია პროფკავშირის განცხადებაში.
ერთობა 2013-ში აცხადებენ, რომ მუშებს შესაბამისი პირობები არ აქვთ შექმნილი, რათა პანდემიის პირობებში ჰიგიენის ელემენტარული წესები დაიცვან.
"ამ პანდემიის პირობებში უკვე რამდენიმე თვეა მუშებს ვერ უზრუნველყოფენ ხელის დასაბანი საპნით და თვითონ ყიდულობენ მუშები. ბევრ სამსახურებში მუშებს ვერ უზრუნველყოფენ სპეც ტანსაცმლით და სპეც იარაღებით. წელს პირველად მემანქანეებს ზამთრის ფორმა ვერ შეუკერეს, უფორმოდ არიან დღეს მემანქანეები და რაც მოუტანეს ზაფხულის ფორმას ვგულისხმობთ, ისიც არ აცვიათ და თავისი სახსრებით შეიძინეს მსგავსი ფერის. იგივე შეძლება ითქვას კონტროლიორებზე, სადგურისა და დეპოების მორიგეებზე და ბლოკსაგუშაგოს მორიგეებზე. თვეები გრძელდება ელემენტალური სარემონტო სამუშაოები შესაბამისი სათადარიგო ნაწილების არ ქონის გამო, რაც სამუშაო პროცესს ართულებს და აჭიანურებს. ვერ მარაგდება საჭირო რაოდენობით მუშა პერსონალი ვერც სპეც იარაღებით, რომელიც განიცდის ცვეთას და საჭიროებს პერიოდულ განახლებას", - აცხადებენ ერთობა 2013-ში.
პროფკავშირი კალაძის მიერ ბელარუსი მემანქანეების შესაძლო ჩამოყვანის საკითხსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ბელარუსი მემანქანეების შეურაცხყოფაა, რადგან სამუშაოდ ეპატიჟებიან ისეთ ქვეყანაში, რომელიც ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში ეპიდემიის გავრცელების მხრივ, პირველ ადგილზე ვართ.
გუშინ, 25 ნოემბერს ერთობა 2013-მა განცხადა გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მეტროს მემანქანეებისა და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია. პროფესიულ კავშირში აცხადებდნენ, რომ არსებობს მეტროს მუშაობის შეჩერების საფრთხე. პროფესიულმა კავშირმა სრული პასუხისმგებლობა სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორსა და მენეჯმენტს დააკისრა.
მოგვიანებით, სატრანსპორტო კომპანიამ ერთობა 2013-ს უპასუხა. კომპანიაში განაცხადეს, რომ რეალურად, ინფიცირებულია 25-მდე მემანქანე და მეტროს მუშაობა შეფერხება არ ემუქრება.
ამასთან, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მემანქანეების ინფიცირების მიუხედავად, მეტროპოლიტენის მუშაობა შეუფერხებლად გაგრძელდება. მისი თქმით, მინსკთან აქვთ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, საჭიროებისამებრ, ბელარუსიდან ჩამოიყვანენ მემანქანეებს.