რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას არ ეწინააღმდეგება, რადგან ევროკავშირი სამხედრო ორგანიზაცია არაა. ამის შესახებ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ევროკავშირი არაა სამხედრო ორგანიზაცია, სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, განსხვავებით NATO-სგან, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და მე ყოველთვის ვამბობდი, ჩვენი პოზიცია ამ მხრივ მყარი, გასაგებია: ჩვენ ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს" - განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით მოსკოვი უკრაინაში მხოლოდ სამხედრო განვითარებას ეწინააღმდეგება, ეკონომიკურ ასოციაციებში გაერთიანება კი თავად უკრაინელების გადასაწყვეტია.
„ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით სამხედრო განვითარებას უკრაინის ტერიტორიაზე, რადგან ეს ჩვენს უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. ესაა რასაც ვეწინააღმდეგებით. თუმცა ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით - ღვთის გულისთვის, ეს მათი არჩევანია“ - განაცხადა პუტინმა.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ის თუ რამდენად მიზანშეწონილია უკრაინის ბლოკში გაწევრიანება ევროკავშირის გადასაწყვეტია.
„ეს ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა - შეუერთდება თუ არა ეკონომიკურ ასოციაციებს, და ამ ეკონომიკური გაერთიანებების საქმეა მიიღებენ თუ არა ახალ სახელმწიფოებს წევრებად. ევროკავშირისთვის რამდენად შესაძლებელი და მიზანშეწონილია, თავად ევროკავშირის ქვეყნებს მივცეთ ამის გადაწყვეტის უფლება. ეს უკრაინისთვის სასარგებლო იქნება თუ საზიანო - ეს ასევე მათი საქმეა, უკრაინელი ხალხის საქმე და უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების საქმე“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.