logo
ENG



პუტინი 9 მაისისადმი მიძღვნილ აღლუმზე სიტყვით გამოვიდა

09 მაი 202211:37
3 წუთის საკითხავი
 
(Yuri Kadobnov/AFP/Getty Images)

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 9 მაისისადმი მიძღვნილ აღლუმზე სიტყვით გამოვიდა. მან ისაუბრა ამ დღის მნიშვნელობაზე და უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე. პუტინმა წითელ მოედანზე შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა შორის იყვნენ უკრაინაში ომის მონაწილეები, მიმართა:

"თქვენ იბრძვით სამშობლოსთვის, მისი მომავლისთვის, რათა არავინ დაივიწყოს მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები, რათა მსოფლიოში არ იყოს ადგილი ჯალათებისთვის და ნაცისტებისთვის".

პუტინმა თქვა, რომ უკრაინაში ინტერვენცია აუცილებელი იყო, რადგან დასავლეთი ქმნიდა საფრთხეს რუსეთის საზღვრებთან და ემზადება რუსეთის მიწაზე შეჭრისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ დასავლეთს არ სურს მოისმინოს რუსეთის წინადადებები დიალოგის შესახებ.

"რუსეთმა მოახდინა აგრესიის პრევენციული უკუგდება - ეს იყო იძულებითი და სუვერენული გადაწყვეტილება... ნატოს ქვეყნებს არ სურდათ ჩვენი მოსმენა. მათ განსხვავებული გეგმები ჰქონდათ და ჩვენ ამას ვხედავდით". - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

დასავლეთში მიიჩნევენ, რომ პუტინმა 9 მაისს სიმბოლური მნიშვნელობა და პროპაგანდისტული ღირებულება მიანიჭა, რათა გამოეცხადებინა სამხედრო მიღწევა უკრაინაში და საომარი მოქმედებების ძირითადი ესკალაცია. 

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. თუმცა, მნიშვნელოვანი მიღწევები არ აქვს. ბოლო რამდენიმე კვირაა, რუსეთის სამხედრო მობილიზება უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს მიემართება.

 

close დახურვა