logo
ENG



პუტინი ამერიკას რუსეთის ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს

02 თებ 202217:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/02/55jtmtijsgf99vk.jpg
Reuters

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აშშ-ს მისი ომში ჩათრევის მიზნით სცენარების განზრახ შექმნაში ადანაშაულებს.

მან ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

სამშაბათს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა თავი უნდა  დაიცვას აგრესიული და მტრული აშშ-ისგან. მან ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი უკრაინის უსაფრთხოებით კი არაა დაინტერესებული, არამედ რუსეთის განვითარების შეფერხება აღელვებს.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მ თავის ოფიციალურ პასუხში დააიგნორა მოსკოვის შიშები უსაფრთხოების, მათ შორის NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების შესახებ. მისი აზრით, თუ უკრაინა ალიანსში გაწევრიანდება, მან შესაძლოა ალიანსის სხვა წევრები რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრიოს.

„ეს ძალიან მკაფიოა ახლა, რომ რუსეთის ფუნდამენტური სადარდებელი დაიგნორებულია. მე მეჩვენება, რომ შეერთებული შტატები იმდენად არაა დაინტერესებული უკრაინის უსაფრთხოებით, რამდენადაც მისი მთავარი მიზანი რუსეთის განვითარების შეფერხებაა. ამ კუთხით თავად უკრაინა უბრალოდ ამ მიზნის მისაღწევი იარაღია.

ეს მიზანი სხვადასხვა გზით შეიძლება მიიღწეს: ევროპაში მათი მოკავშირეების დახმარებით ჩვენი რაიმე ტიპის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩათრევით, ან მოკავშირეებზე ჩვენ წინააღმდეგ იმ მკაცრი სანქციების დაწესების ზეწოლით, რაზეც ამერიკაში ახლა საუბრობენ.

წარმოვიდგინოთ უკრაინა NATO-ს წევრი ქვეყანაა და იწყებს ამ სამხედრო ოპერაციებს. ჩვენ უნდა წავიდეთ ომში NATO-ს ბლოკთან? ვინმე ამაზე დაფიქრებულა? როგორც ჩანს არა“ - განაცხადა პუტინმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 6 კვირის განმავლობაში ეს პუტინის მხრიდან უკრაინის კრიზისის შესახებ პირველი კომენტარია. მან უკრაინაზე საჯაროდ ბოლოს 23 დეკემბერს ისაუბრა.

ამავე შეხვედრაზე უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ პუტინთან საუბრის შემდეგ მას სჯერა, რომ მხარეებს შორის კომპრომისი შესაძლებელია. აღსანიშნავია, რომ ორბანი დასავლეთს არადემოკრატიული ნაბიჯების გამო არაერთხელ გაუკრიტიკებია.

„მე დღეს დავრწმუნდი, რომ პოზიციებს შორის არსებული განსხვავებების დაახლოება შესაძლებელია და შეიძლება მხარეებს შორის შეთანხმების დადება, რომელიც მშვიდობის გარანტიასთან ერთად რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებსაც მოიცავს და ასევე მისაღები იქნება NATO-ს წევრი სახელმწიფოებისთვის“ - განაცხადა ორბანმა.

აღსანიშნავია, რომ ესპანურმა გაზეთმა El Pais-მა გაავრცელა დოკუმენტი, რომელიც მათი მტკიცებით აშშ-მ და Nato-მ რუსეთს გასულ კვირას გაუგზავნა.  დოკუმენტში საუბარია უკრაინაში დაძაბულობის შემცირების მიზნით შეხვედრის შესახებ შეთავაზებებზე, ბირთვული იარაღის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე და მხარეებს შორის ნდობის გასაღრმავებელი ზომების მიღებაზე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვეა, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 ათასი ჯარისკაცი განალაგა. ასევე, ჯარები გადაისროლა ბელარუსშიც. 

კიევი და დასავლური სახელმწიფოები შიშობენ, რომ რუსეთი შეჭრისთვის ემზადება, რასაც მოსკოვი უარყოფს.


close დახურვა