ესპანურმა გამოცემა El Pais აცხადებს, რომ მოიპოვა აშშ-სა და NATO-ს მიერ რუსეთის მოთხოვნების პასუხად გაგზავნილი წერილი.
მასში ნათქვამია, რომ NATO თავდაცვითი ალიანსია და რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამასთან, ალიანსი კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
ამასთან ერთად, დოკუმენტში, ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში ნახსენებია საქართველო და მოლდოვა - NATO აცხადებს, რომ "რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან, სადაც ისინი განლაგებულები არიან ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე".
დოკუმენტში ვკითხულობთ:
"ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების დამყარებას ევრო-ატლანტიკურ სივრცეში და მთლიანად ევროპაში. ეს რჩება ჩვენს მიზნად და მუდმივ ხედვად.
ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ დაძაბულობა და უთანხმოება უნდა გადაწყდეს დიალოგისა და დიპლომატიის გზით, არა მუქარით ან სამხედრო ძალის გამოყენებით.
უკრაინის ირგვლივ და ბელარუსში რუსეთის დაუსაბუთებელი, გაუმართლებელი და მიმდინარე სამხედრო განლაგების გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ მოახდინოს ვითარების დეესკალაცია შემოწმებადი, დროული და ხანგრძლივი გზით. უკრაინაში და მის ირგვლივ კონფლიქტის მოგვარება, გათვალისწინებული მინსკის ხელშეკრულებითა და შეთანხმებული სხვა ფორმატებით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა უსაფრთხოების გარემოს და სტაბილურობის პერსპექტივას ევროპაში.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ყირიმის ჩათვლით, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
NATO-რუსეთის ურთიერთობა
ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოება შეიძლება გაძლიერდეს შემდეგი წინადადებების განხორციელებით:
- სამხედრო კომუნიკაციის არხების სრულად გამოყენება პროგნოზირებადობისა და გამჭვირვალობისთვის და რისკების შესამცირებლად.
- ნატოს და რუსეთის ორმხრივი ყოფნის აღდგენა შესაბამისად მოსკოვსა და ბრიუსელში.
- რუსეთის წინადადებაზე მუშაობა სამოქალაქო ცხელი ხაზის შექმნის შესახებ სასწრაფო კონტაქტის დამყარების მიზნით.
ევროპული უსაფრთხოება
ყველა სახელმწიფო პატივს სცემს და იცავს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, საზღვრის ხელშეუხებლობას და ტერიტორიული მთლიანობას და თავს იკავებს მუქარისა და ძალის გამოყენებისგან.
ყველა სახელმწიფო პატივს სცემს სახელმწიფოების უფლებას, აირჩიონ ან შეცვალონ უსაფრთხოების შეთანხმებები და გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევების გარეშე. ამ კუთხით, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ NATO-ს ღია კარის პოლიტიკას ვაშინგტონის შეთანხმების მე-10 მუხლის შესავამისად.
რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან, სადაც ისინი განლაგებულები არიან ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე.
ყველა მხარე კონსტრუქციულად ჩაერთვება კონფლიქტის მოგვარების სხვადასხვა, შესაბამის ფორმატში: ნორმანდიული ფორმატის მოლაპარაკებებში, სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და 5+2 შეხვედრებში.
რუსეთი თავს იკავებს ძალის ჩვენებისგან, აგრესიული ბირთვული რიტორიკისა და სიმულაციისგან, რომელიც მოკავშირეების და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ არის მიმართული.
30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში NATO ცდილობდა რუსეთთან პარტნიორობის დამყარებას. 1990 წლის ლონდონის სამიტზე, როცა ცივი ომი დასასრულს მიუახლოვდა, ალიანსმა რუსეთს მეგობრობის ხელი გაუწოდა და შესთავაზა დიალოგი და პარტნიორობა, დაპირისპირების და უნდობლობის ნაცვლად. მას შემდეგ NATO-მ შექმნა "პარტნიორობა მშვიდობისთვის" და NATO-მ და რუსეთმა ხელი მოაწერეს NATO-რუსეთის თანამშრომლობის დაფუძნების აქტს. შეიქმნა NATO-რუსეთის საბჭო, რომელიც რჩება უნიკალურ ჩარჩოდ და რუსეთთან კავშირისთვის ალიანსის ღიაობის სიმბოლოდ.
არც ერთი სხვა პარტნიორობისთვის არ ყოფილა შეთავაზებული მსგავსი ურთიერთობა ან მსგავსი ინსტიტუციური ჩარჩო. და მაინც, რუსეთმა ძირფესვიანად შეარყია ჩვენი თანამშრომლობის ნდობა და დაუპირისპირდა გლობალური და ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის ფუნდამენტურ პრინციპებს.
***
რამდენიმე თვეა, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 ათასი ჯარისკაცი განალაგა. ასევე, ჯარები გადაისროლა ბელარუსშიც.
კიევი და დასავლური სახელმწიფოები შიშობენ, რომ რუსეთი შეჭრისთვის ემზადება.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან ჯარები განალაგა, დასავლეთს, "უსაფრთხოების გარანტიების" საბაბით, პირობები წაუყენა:
უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმება, ალიანსის გაფართოებაზე უარის თქმა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული იმ გადაწყვეტილების უკან წაღება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები.
რუსეთი ასევე ითხოვს, ნატოს ჯარები გავიდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ, ანუ მანამ, სანამ ეს ქვეყნები ალიანსის წევრები გახდებოდნენ.
NATO რუსეთის მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს. ეს არაერთხელ გაიმეორეს როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ისე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც.
თუმცა, რუსეთმა NATO-სგან თავიანთ მოთხოვნებზე წერილობითი პასუხი მოითხოვა. 26 იანვარს ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით აშშ-მ და NATO-მ რუსეთს წერილობითი პასუხი გადასცეს. დოკუმენტის შინაარსი ოფიციალურად არ გასაჯაროებულა.