რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გარანტიებს ითხოვს დასავლეთისგან, რომ NATO აღმოსავლეთით არ გაფართოვდება. ამის შესახებ მან პირველ დეკემბერს კრემლში რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა.
"შეერთებულ შტატებთან და მის მოკავშირეებთან დიალოგის დროს დაჟინებით მოვითხოვთ კონკრეტული შეთანხმებების შემუშავებას, რომელიც გამორიცხავს აღმოსავლეთში NATO-ს სამომავლო წინსვლას და რუსეთის ტერიტორიის სიახლოვეში ჩვენთვის საფრთხის შემცველი იარაღის სისტემების განთავსებას. ვთავაზობთ ამ საკითხზე საგნობრივი მოლაპარაკებების დაწყებას.
განსაკუთრებით აღვნიშნავ: ჩვენ გვჭირდება ზუსტად სამართლებრივი, იურიდიული გარანტიები, რადგან დასავლელმა კოლეგებმა არ შეასრულეს თავის თავზე აღებული სიტყვიერი ვალდებულებები. კერძოდ, ყველამ იცის ამ ზეპირი გარანტიების შესახებ, რომ NATO არ გაფართოვდებოდა აღმოსავლეთით, მაგრამ ყველაფერი ზუსტად საპირისპიროდ გაკეთდა. უსაფრთხოების სფეროში რუსული საზრუნავი დააიგნორეს და მათ ახლაც აიგნორებენ", - განაცხადა პუტინმა.
ბოლო რამდენიმე დღეში რუსეთსა და NATO-ს შორის ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთს მათ საზღვართან ათეულობით ათასი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული. რუსეთისგან მომდინარე საფრთხე მსჯელობის მთავარი საგანი იყო რიგაში NATO-ს მინისტერიალზე. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მოსკოვს უფრო მკაცრი სანქციები ელის.