რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის 24 ივნისის აჯანყებას "რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში ჩაახშობდა".
"შეიარაღებულ ამბოხს ნებისმიერ შემთხვევაში ჩავახშობდით. მისი ორგანიზატორები მიუხედავად იმისა, რომ არაადეკვატურები იყვნენ, ამას აუცილებლად მიხვდებოდნენ. მათ შორის იმას, რომ დანაშაულებრივი საქციელი ჩაიდინეს ქვეყნის გასახლეჩად და დასასუსტებლად, რომელიც ახლა კოლოსალური გარე საფრთხის წინაშე დგას და უპრეცედენტო ზეწოლას განიცდის.
თუმცა, ამბოხის ორგანიზატორებმა უღალატეს საკუთარ ქვეყანას, ხალხს, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩაითრიეს დანაშაულში. მოატყუეს და უბიძგეს საკუთარი ხალხისთვის ესროლათ. ეს სურდათ რუსეთის მტრებსაც, ნეონაცისტებს კიევში და მათ მფარველებს. მათ სურდათ, რომ რუს ჯარისკაცებს ერთმანეთი დაეხოცათ", - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.
მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.