ვლადიმერ პუტინი რუსეთის ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. სათათბიროს წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ეს იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ შესაბამის ცვლილებას 22 აპრილს დაგეგმილ რეფერენდუმზე მოსახლეობა მხარს დაუჭერს, შემდგომ კი საკონსტიტუციო სასამართლო დაამტკიცებს.
ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ საპრეზიდენტო ვადის განულების ინიციატივით სხდომაზე დეპუტატი ვალენტინა ტერეშკოვა გამოვიდა. შესწორებას დეპუტატების უმრავლესობა მიემხრო. დღესვე სათათბირომ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი მეორე მოსმენითაც დაამტკიცა.