logo
ENG



პუტინის თქმით, ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებას 7-8 ივლისიდან დაიწყებენ

09 ივნ 202316:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/09/359o963s6hvx9il.jpg

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის თქმით, ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება 7-8 ივლისის შემდეგ დაიწყება. მისი განცხადებით, ამ პერიოდში ობიექტების მომზადება დასრულდება. დღეს პუტინი ბელარუსის დიქტატორ ლიდერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა.

"ყველაზე სენსიტიურ საკითხებზე, რაზეც შევთანხმდით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მოგეხსენებათ, 7-8 ივლისს დასრულდება შესაბამისი ობიექტების მომზადება და სასწრაფოდ დავიწყებთ ღონისძიებებს, რომელიც დაკავშირებულია თქვენს ტერიტორიაზე შესაბამისი ტიპის იარაღის განლაგებასთან. ასე რომ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ყველაფერი სტაბილურია", - თქვა პუტინმა.

ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე საუბარი პუტინმა 2023 წლის მარტში დაიწყო. აშშ-მა და NATO-ს ქვეყნებმა რუსეთისა და ბელარუსის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს იმ ფონზე, რომ უკრაინაში ერთ წელზე მეტია რუსეთი აგრესიას არ წყვეტს.

მოსკოვმა უკვე გადასცა მინსკს სარაკეტო კომპლექსი "ისკანდერი", რომელსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეეძლება და ბელარუსულ თვითმფრინავებს განახლებაში დაეხმარა.


close დახურვა