logo
ENG



პუტინის თქმით, რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უკრაინის დარტყმებმა გავლენა მოახდინა

29 ივნ 202610:02
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/29/w715ibyzn63vvs6.png

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უკრაინის დარტყმებმა გავლენა მოახდინა და საწვავის   "გარკვეული დეფიციტი" შეიქმნა, თუმცა პუტინის თქმით, დეფიციტი კრიტიკული არ არის. ამის შესახებ პუტინმა პროპაგანდისტ ჟურნალისტთან, პაველ ზარუბინთან ინტერვიუში განაცხადა.

პუტინის თქმით დაზიანებული საწარმოების სწრაფად აღდგენას ახერხებენ, თუმცა ცნობილია, რომ რუსეთის რამდენიმე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, იძულებული გახდა მუშაობა რამდენიმე თვით შეეჩერებინა.

უკრაინის თავდასხმებზე პუტინმა პარტია "ერთიანი რუსეთის" ყრილობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი აუცილებლად გადალახავს ყველა გამოწვევას, რომლის წინაშეც ახლა დგას, მათ შორის "ტერორისტულ თავდასხმებს" ქვეყნის ტერიტორიასა და ინფრასტრუქტურაზე.

"რუსეთი თავდაჯერებულად ეწინააღმდეგება ჩვენი განვითარების შეფერხების ყველა მცდელობას. ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალა, რესურსები და პოლიტიკური ნება. ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს. ვხედავთ პრობლემებს, ვაცნობიერებთ მათ, ვპასუხობთ, მაგრამ აუცილებლად უზრუნველვყოფთ ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და რუსეთის საზღვრების ურღვევობას გრძელვადიანი ისტორიული პერსპექტივისთვის. აუცილებლად გავუმკლავდებით ჩვენ წინაშე არსებულ ყველა გამოწვევას, მათ შორის ტერორისტულ თავდასხმებს ჩვენს ტერიტორიაზე და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე", - თქვა პუტინმა. 

ბოლო თვეების მანძილზე საწვავის დეფიციტი დაფიქსირდა ანექსირებულ ყირიმში, ბელგოროდის, კურსკის ოლქებში, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში. საწვავის მიწოდების პრობლემები გაჩნდა მოსკოვში, ლენინგრადში, კრასნოდარის მხარეში. პრობლემების მთავარ მიზეზად სახელდება რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების რეგულარული დარტყმები.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმიტ ზელენსკის თქმით, უკრაინის შორ მანძილზე მომქმედი შესაძლებლობები მუდმივად ვითარდება და მნიშვნელოვანია ყოველდღიური ზეწოლა რუსეთზე, რათა დასრულდეს ომი.

"ყველა რუსული თავდაცვითი ობიექტი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს ემსახურება, ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი სანქციების სამართლიანი სამიზნეა.

უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობები მუდმივად ფართოვდება. სწორედ ჩვენი ყოველდღიური ზეწოლა ქმნის საფუძველს ღირსეული მშვიდობის მისაღწევად. მადლობელი ვარ თითოეული უკრაინელი ინჟინრისა და სამხედრო მოსამსახურის, რომლებიც ამ შესაძლებლობების განვითარებას უზრუნველყოფენ.

დიდება უკრაინას", - თქვა ზელენსკიმ.

 


close დახურვა