logo
ENG



პუტინმა და ერდოღანმა მარცვლეულის ინიციატივა განიხილეს, თურქეთში პუტინის ვიზიტზე შეთანხმდნენ

02 აგვ 202319:07
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/02/cd5gb36fg3687ac.jpg
Alexandr Demyanchuk/Sputnik/AFP/Getty Images/File

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს სატელეფონო დიალოგში შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება განიხილეს.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ პუტინი თურქეთში ჩავა, თუმცა ვიზიტის დეტალები და შესაძლო ვადები არ დაუზუსტებიათ. 

გამოცემა Reuters თურქეთის ხელისუფლებაში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვსა და ანკარაში პუტინის აგვისტოს ბოლოსთვის ვიზიტს განიხილავენ.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანმა პუტინთან დიალოგში აღნიშნა, რომ არავინ უნდა გადადგას დამატებით ნაბიჯები რუსეთ-უკრაინის ომში დაძაბულობის გაღრმავებისთვის. მან ასევე ისაუბრა შავი ზღვის ინიციატივის მნიშვნელობაზე, რომელსაც "მშვიდობის ხიდად" მოიხსენიებს.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გრძელვადიანად შეწყვეტა "არავისთვის იქნება სასარგებლო" და ყველაზე დიდი ზიანი მიადგებათ დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს, ვისაც მარცვლეული ყველაზე მეტად სჭირდებათ.

ერდოღანმა პუტინთან დიალოგში აღნიშნა, რომ ბოლო 2 კვირაში მარცვლეულის ფასი 15%-ით გაიზარდა.

პრეზიდენტმა ერდოღანის თქმით, თურქეთი განაგრძობს ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის გაწევას, რათა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება გაგრძელდეს.

კრემლის ცნობით კი ერდოღანთან საუბრისას პუტინმა "შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების გაუქმებაზე რუსეთის პრინციპული პოზიცია დააფიქსირა".

"აღინიშნა, რომ იმ პირობებში, როცა მარცვლეულის შეთანხმების რუსეთის მხარის განხორციელების კუთხით პროგრესი არ არსებობს, მისი მომდევნო გაგრძელებამ აზრი დაკარგა. დავადასტურეთ მზაობა, რომ დავუბრუნდეთ სტამბულის შეთანხმებებს მაშინვე, როგორც კი დასავლეთი ნამდვილად შეასრულებს ამ შეთანხმებებში გაწერილ რუსეთისადმი ყველა ვალდებულებას" - წერია კრემლის განცხადებაში.


close დახურვა