logo
ENG



პუტინმა და მარიონეტმა ლიდერებმა უკრაინის 4 რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერეს

30 სექ 202216:57
3 წუთის საკითხავი
 
კადრი: RIA Novosti

პუტინმა და მარიონეტმა ლიდერებმა უკრაინის 4 რეგიონის: ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუჰანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი მოაწერეს.

მოსკოვში უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთთან ფორმალურად შეერთების გამოცხადების ცერემონიაზე დასასწრებად რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ე.წ ადმინისტრაციების მარიონეტი ლიდერები ჩავიდნენ: ზაპოროჟიედან - იევგენი ბალიცკი, ხერსონიდან - ვლადიმირ სალდო, დონეცკიდან დენის პუშილინი და ლუჰანსკიდან ლეონიდ ლასეჩნიკი.

სიტყვით მიმართვის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 4 რეგიონის მოსახლეობამ ე.წ რეფერენდუმებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. 

"თქვენ იცით, რომ დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ჩატარდა რეფერენდუმები და შედეგები ცნობილია. ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი, ერთმნიშვნელოვანი არჩევანი. დღეს ვაწერთ ხელშეკრულებას ხელს რუსეთში მათი მიღებისა. დარწმუნებული ვართ, რომ ფედერალური საბჭო მხარს დაუჭერს რუსეთის ფედერაციაში ოთხი ახალი სუბიექტის შემოსვლას, რადგან ეს მილიონობით ადამიანის ნება და სურვილია. ეს რა თქმა უნდა, მათი უფლებაა, რომელიც გაეროს წესდების პირველ პუნქტშია მოცემული, სადაც საუბარია ხალხების თვითგამორკვევის უფლებაზე. ვიმეორებ, ეს არის განუყოფელი უფლება ხალხისა და ისტორიულ კონტექსტში გამართლებულია, იმიტომ რომ ჩვენი მრავალი თაობა იბრძოდა ამისთვის" - განაცხადა პუტინმა. 

დღეს მოსკოვში, წითელ მოედანზე დაგეგმილია სადღესასწაულო კონცერტიც. გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტზე დასასწრების სანაცვლოდ რუსეთის მოსახლეობას ფულს უხდიან. 

რუსეთმა და მისმა მხარდაჭერილმა ადმინისტრაციებმა უკრაინის 4 რეგიონში: ხერსონში, ზაპოროჟიეში, დონეცკსა და ლუჰანსკში 23-27 სექტემბერს რეგიონების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ რეფერენდუმები გამართეს. 

უკრაინა და დასავლეთი გმობს რუსეთის მიერ ჩატარებულ ყალბ რეფერენდუმებს, რომლის შედეგებიც წინასწარ იყო განსაზღვრული და არღვევს საერთაშორისო სამართალს. 

 

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში 23-დან 27 სექტემბრამდე რეფერენდუმების ჩატარებას გეგმავდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 თებერვალს, უკრაინაში შეჭრამდე, ხელი მოაწერა ბრძანებებს დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ეს ორი სეპარატისტული სუბიექტი, რომელთა დაცვაც რუსეთმა აგრესიის საბაბად გამოიყენა, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ არის აღიარებული.

დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების რუსეთთან შეერთების შესახებ "რეფერენდუმის" ჩატარების გეგმები ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში გამოცხადდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის მიერ მხარდაჭერილი ადმინისტრაციების ცნობით, ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ, ე.წ რეფერენდუმებში ხერსონში 87.05%-მა, ზაპოროჟიეში 93.11%-მა, ლუჰანსკში - 98.42%-მა და დონეცკში 99.23%-მა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას.

უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ე.წ რეფერენდუმებს ყალბს უწოდებენ და აცხადებენ, რომ შედეგები წინასწარ არის განსაზღვრული.

ვლადიმერ პუტინმა დღეს, 30 სექტემბერს ხელი მოაწერა განკარგულებებს, რიტაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების - ზაპოროჟიესა და ხერსონის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა.


close დახურვა