თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპიკერის ანდრეი იუსოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საოკუპაციო ძალების ახლად დანიშნულ ე.წ. მეთაურს, ვალერი გერასიმოვს დონბასის დაკავება მარტამდე უბრძანა. შესაბამისი განცხადება იუსოვმა უკრაინულ ტელეარხებზე გააკეთა.
"ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ რაშისტებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებაზე - ეს არის დონბასი. შემდეგი ვადები, რომლებიც მან [პუტინმა] უკვე განუსაზღვრა გერასიმოვს, ვთქვათ, როგორც უკრაინის წინააღმდეგ ომის ახალ ლიდერს და მან ქვედა ზღვარი უკვე დააწესა - ეს არის დონბასის აღების მიზანი და იქ გარკვეული უსაფრთხოების ზონის ფორმირება, უკვე მარტამდე. ეს არ არის პირველი ვადები. ყოველ ჯერზე ეს ვადები იცვლებოდა. საცაა ერთი წელი გავა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან და აგერ უკვე ერთი წელია რაც "კიევს იღებენ 3 დღეში". ამჯერადაც არაფერი გამოუვათ", - თქვა მან.
როგორც იუსოვმა აღნიშნა, პუტინს უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახლემწიფოს და უკრაინელების, როგორც ერის განადგურებაზე უარი არ უთქვამს.
მისივე თქმით, პუტინი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ გრძელვადიანი ომისთვის ამზადებს. იუსოვმა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს სხვადასხვა სცენარი და მიმართულება შესაძლო ხელახალი თავდასხმისთვის, მაგრამ ინტერნეტში არსებული ინფორმაციის უმეტესობა მცდარია.