რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა.
მან ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას და მოახდინონ ამ რესპუბლიკებთან მეგობრობის დოკუმენტის რატიფიცირება.
პუტინისვე თქმით, შესაბამისი დოკუმენტაცია უახლოეს მომავალში მომზადდება.
მან ამის შესახებ განცხადება სპეციალურ მიმართვაში გააკეთა, მანამდე კი კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინმა დასავლეთს აცნობა, რომ დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებს.
მიმართვაში ვლადიმირ პუტინმა დონბასში არსებულ მძიმე ვითარებაზე პასუხისმგებლობა დასავლეთს და უკრაინას დააკისრა და განაცხადა, რომ დონეცკსა და ლუგანსკში ადამიანები "ისჯებიან იმის გამო, რომ 2014 წელს მათ უარი თქვეს, მონაწილეობა მიეღოთ სახელმწიფო გადატრიალებაში".
"როდემდე შეიძლება ამის მოთმენა. რუსეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის". - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმირ პუტინმა უკრაინას მოუწოდა, "გაიყვანონ ჯარები ამ ტერიტორიიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სისხლისღვრა სწორედ უკრაინის მმართვლი რეჟიმის სინდისზე იქნება".
მისივე განცხადებით, "რუსეთს აქვს სრული უფლება, ყველა ზომას მიმართოს უსაფრთხოებისთვის და ასეც მოიქცევა".
კიდევ უფრო ადრე დღეს, 21 თებერვალს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების საკითხი რუსეთის უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. საბჭოს ყველა წევრი დაეთანხმა ამ ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლად ცნობას.
დღესვე, 21 თებერვალს პუტინს დონეცკის და ლუგანსკის საოკუპაციო რეჟიმების ხელმძღვანელებმა მიმართეს და დამოუკიდებლობის აღიარება სთხოვეს.
15 თებერვალს რუსეთის დუმამ პრეზიდენტს მიმართა, რომ ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიაროს.
ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებმა უკრაინისგან დამოუკიდებლობა 2014 წლის მაისში გამოაცხადეს. რეგიონების დამოუკიდებლობას არ აღიარებს კიევი. ორივე ე.წ. რესპუბლიკა აღიარებული აქვს მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებულ, ცხინვალის რეგიონს.