რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაზაფხულზე სამხედრო სამსახურში ახალწვეულების გაწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა. გაწვევის პერიოდი 1-ლი აპრილიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება და მიზანი 18-დან 27 წლამდე ასაკის 134 500-მდე რუსეთის მოქალაქის სამხედრო სამსახურში გაწვევაა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ახალწვეულებს არცერთ "ცხელ წერტილში" არ გაუშვებენ. მან ასევე განაცხადა, რომ გასული წლის გაზაფხულზე გაწვეული სამხედრო პერსონალი მსახურების ვადის გასვლის შემდეგ რეზერვებში გადაინაცვლებენ, შემდეგ კი საცხოვრებელ ადგილებს დაუბრუნდებიან.
უკრაინაში ომის დასაწყისში, რუსეთმა და თავად პუტინმაც არაერთხელ უარყო ომში ახალწვეულების მონაწილეობა. მაგრამ მოგვიანებით თავდაცვის მინისტრმა აღიარა, რომ რუსულ ძალების ახალწვეულების მონაწილეობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.
უკრაინული მხარის ინფორმაციით დაღუპულ და ტყვედ აყვანილ რუს სამხედროებს შორის ბევრი ახალწვეულია, რაც ფოტო და ვიდეომასალითაც დასტურდება.
ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სამხედროებს უკრაინაში გაგზავნამდე აიძულებდნენ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას.
პესკოვი კი აცხადებდა, რომ უკრაინაში შეჭრამდე რუსეთის შეიარაღებულ ძალების ყველა მეთაურს მიღებული ჰქონდა მითითება, რომელიც ახალწვეულებისთვის „უკრაინაში ნებისმიერი დავალების შესრულებას კრძალავდა“.
პესკოვის ინფორმაციით, ამ მითითების დარღვევების შესახებ პუტინს აცნობეს, რომელმაც სამხედრო პროკურატურას მიმართა ამ განკარგულებასთან შეუსაბამო „ქმედებების სამართლებრივი შეფასებისა და პასუხისმგებელი პირების დასჯის მიზნით“.