logo
ENG



ჟენევაში ბლინკენისა და ლავროვის მოლაპარაკებები დაიწყო

21 იან 202214:38
3 წუთის საკითხავი
 

ჟენევაში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოლაპარაკებები დაიწყო. განხილვის მთავარი თემა უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების განლაგება და ახალი აგრესიის საფრთხეა. 

შეხვედრის დაწყების წინ ლავროვმა განაცხადა, რომ ბლინკენთან ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ისაუბრებს. მისივე თქმით, მოლაპარაკებებისგან გარღვევას არ ელის, თუმცა იმედოვნებს, რომ პოზიციები უფრო ცხადი გახდება.

თავის მხრივ ბლინკენმა აღნიშნა, რომ შეხვედრა - აშშ-სა და მისი მოკავშირეების მცდელობების ნაწილია, რომელიც მორიგი რუსული აგრესიის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთის მიმართ სწრაფი და მკაცრი ზომები გატარდება. მისივე თქმით, ლავროვთან რუსულ ციხეებში ამერიკელი პატიმრების ყოფნის საკითხის განიხილავს. 

ბლინკენისა და ლავროვის მოლაპარაკებების შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ჟენევაში ჩასვლამდე აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კიევსა და ბერლინში იმყოფებოდა, სადაც მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ისაუბრა.


close დახურვა