logo
ENG



ჟვანია ოპოზიციაზე: მათთვის ყველა არჩევნები გაყალბებულია, სანამ სასურველი შედეგი არ დადგება

03 დეკ 202018:42
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/03/wns0w09i7djrh4v.jpg

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ ოპოზიციისთვის ყველა არჩევნები გაყალბებულად ჩაითვლება მანამ, სანამ მათთვის სასურველი შედეგები არ დადგება.

როგორც მან ცესკო-ს შემაჯამებელ სხდომაზე აღნიშნა, შემაჯამებელ ოქმში 2 მილიონამდე ამომრჩევლის ნებაა ასახული, რომელიც 9 საარჩევნო სუბიექტზე გადანაწილდა.

"დღეს ამ ქვეყანაში, როგორც ჩანს, პოლიტიკური კულტურის ფონზე ყველა არჩევნები არის თურმე მათი თვალთახედვით გაყალბებული მანამ, სანამ არ მოხდება სასურველი შედეგების დადგომა. ეს ასე ვერ იქნება. ქვეყნის და ხალხის მიერ გამოხატული ხმები არის სწორედ განაწილებული იმ 9 საარჩევნო სუბიექტზე, რომელიც ამ შემაჯამებელ ოქმშია ასახული.  შესაბამისად, ეს 2 მილიონამდე ამომრჩევლის ნებაა, რომელიც გადანაწილებულია 9 საარჩევნო სუბიექტზე. ეს არის ძალიან დიდი ლეგიტიმაცია, როდესაც ხალხი აძლევს საარჩევნო სუბიექტებს ამ ლეგიტიმაციას, რომ მათ იმუშაონ პარლამენტში და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ ხალხისა და ქვეყნის სახელით, როცა ყველ მათგანის ხმაზე ვისაუბრებთ და არა ცალკეულ, კერძო გამოხატვაზე", - განაცხადა ჟვანიამ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელსაც არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღო.

კომისიის სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ცესკო-სთან სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ და აქცია-პერფორმანსი გამართეს.  აქტივისტებმა ადგილზე ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მანეკენი მიიტანეს, რომელსაც ხელები აქვს შეკრული. ასევე, გააბეს ყვითელი ლენტები, სადაც ცესკო-ს წარმომადგენლების ფოტოსურათებია ჩამოკიდებული.​ აქცია-პერფორმანსი კომუნისტური პარტიის ჰიმნის ფონზე ჩატარდა.  

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ახალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით, მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა, მაგრამ შეხვედრები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. უცნობია თუ როდის გაიმართება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.


close დახურვა