ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელსაც არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღო.
ცესკოს მონაცემების თანახმად, მანდატები ასე გადანაწილდა:
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -27.18% - 36 მანდატი
პატრიოტთა ალიანსი -3.14 % - 4 მანდატი
ლეიბორისტული პარტია - 1% - 1 მანდატი
ევროპული საქართველო - 5 მანდატი
მოქალაქეები - 1.33 % - 2 მანდატი
სტრატეგია აღმაშენებელი - 3.15% - 4 მანდატი
გირჩი - 2.89 % - 4 მანდატი
ლელო - 3.15 % - 4 მანდატი
ქართული ოცნება - 48.22% 60 - მანდატი
აღსანიშნავია, რომ ცესკოს შემაჯამებელი სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ცესკო-სთან სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი და აქცია-პერფორმანსს მართავენ. აქტივისტებმა ადგილზე ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მანეკენი მიიტანეს, რომელსაც ხელები აქვს შეკრული. ასევე გააბეს ყვითელი ლენტები, სადაც ცესკო-ს წარმომადგენლების ფოტოსურათებია ჩამოკიდებული.
გარდა ამისა, აქტივისტებმა ადგილზე კვერცხიც მიიტანეს და მათზე ქართული ოცნების წევრების სახელებს წერენ. აქცია-პერფორმანსი საბჭოა კავშირის ჰიმნის ფონზე ტარდება.
ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ახალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია.
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით, მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა, მაგრამ შეხვედრები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. უცნობია თუ როდის გაიმართება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.