ტელეკომპანია ფორმულას წამყვანი ნინი ჟიჟილაშვილი აცხადებს, რომ კრიტიკულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტებზე თავდასხმა იშვიათი არ არის.
როგორც ჟიჟილაშვილმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში განაცხადა, დაახლოებით თვენახევრის წინ მას უცნობი პირი სახლთან დახვდა და ფოტოებს უღებდა.
"ჩემი შეცდომაა, რომ ამის შესახებ არ ვთქვი საჯაროდ და არ მივმართე პოლიციას. მქონდა შემთხვევა, როცა სადარბაზოსთან დამხვდნენ და მიღებდნენ ფოტოებს. მეზობელი ჩაერია და მეორედ იგივე მამაკაცი დამხვდა და შემდეგ უკვე ოჯახის წევრები ჩაერივნენ. ამით სიტუაცია განიმუხტა. ეს ხდება შიგადაშიგ. ვერ ვიტყვით, რომ ეს ხალხი აუცილებლად მოგზავნილია, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ არა. ჩემი ეზო არის შემოფარგლული და შემთხვევით იქ არავინ ხვდება. ანუ ვიღაც დგას, გელოდება. შემდეგ შემომყვა სადარბაზოში, როცა მეზობლებმა ჰკითხეს ვინ ხარ, მერე გაიქცა", - განაცხადა ჟიჟილაშვილმა.
ვახო სანაიას სამი პირი ვაკეში თავს გამთენიისას დაესხა. როგორც სანაია ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაია ამბობს, რომ სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიღებული, დაშავებულია მისი რძალიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით სამი პირია დაკავებული. მათი თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ვახო სანაიასა და მისი ნათესავის მიმართ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.