უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟიტომირის ოლქში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული პილოტების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. მისი თქმით, მომხდარზე გამოძიება გრძელდება, თუმცა დეტალებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
"გუშინ კატასტროფა მოხდა ჟიტომირის ოლქში, სამი პილოტი დაიღუპა, მათ შორის იყო ანდრეი პილშჩიკოვი, უკრაინული ოფიცერი, ერთ-ერთი, ვინც ძალიან დაეხმარა ჩვენს სახელმწიფოს, ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს, მომხდარზე გამოძიება გრძელდება, ჯერ ნაადრევია დეტალებზე საუბარი, ყველა გარემოება გაირკვევა", - განაცხადა ზელენსკიმ.
25 აგვისტოს ჟიტომირის ოლქში, საბრძოლო დავალების შესრულების დროს ერთმანეთს ორი უკრაინული თვითმფრინავი შეეჯახა - ავიაკატასტროფის დროს საჰაერო სარდლობის მე-40 ტაქტიკური საავიაციო ბრიგადის სამი საბრძოლო პილოტი დაიღუპა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ისინი ჩართულები იყვნენ უკრაინის თავდაცვის საჰაერო ოპერაციებში.
ქალაქ ვასილკოვის ტაქტიკური საავიაციო ბრიგადის ცნობით, დაღუპული პილოტები არიან: ვიაჩესლავ მინკა, სერჰი პროკაზინი და ანდრეი პილშჩიკოვი.