უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე იგორ ჟოვკვა აცხადებს, რომ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის განაცხადი ალიანსში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურად მიიღო.
“დღეისთვის NATO-ს გენერალურმა მდივანმა ოფიციალურად მიიღო ეს განაცხადი, უკრაინისგან ნოტის სახით. შემდეგი ეტაპი იქნება ამ განაცხადის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დონეზე განხილვა, ანუ ბრიუსელში ნატოს წევრი სახელმწიფოების ელჩების დონეზე”, - თქვა ჟოვკვამ.
მისი თქმით, დაჩქარებულ პროცედურაში უკრაინული მხარე NATO-ში ინტეგრაციის გაგრძელებას სამოქმედო გეგმის, ე.წ MAP-ის გამოყენების გარეშე გულისხმობს, "რომელიც აქამდე ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი იყო".
"აქედან გამომდინარე, უკრაინას ალიანსის შესაბამისი მოდელის იმედი აქვს და, რა თქმა უნდა, უკრაინის პრეზიდენტიც და დიპლომატიური სამსახურიც აწარმოებენ მოლაპარაკებებს NATO-ს წევრ ქვეყნებთან, რათა ასეთ განაცხადს პრაქტიკული განხილვა მოჰყვეს", - აღნიშნა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ.
30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის ოთხი ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ხელის მოწერის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას NATO-ში დაჩქარებული შესვლის შესახებ განაცხადი შეაქვს.