logo
ENG



ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი ამბობს, რომ მისი ბინიდან პირადი დოკუმენტები დაიკარგა

12 ივლ 202319:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/12/o3s76kr3h9z08wm.jpeg

TV პირველის ყოფილი წამყვანი, ვასილ დაბრუნდაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი სახლიდან გამქრალია საბუთები, მათ შორის პროკურატურის გადაწყვეტილება დაზარალებულად მისი ცნობის შესახებ.

"მოკლედ ასეთი რამ ხდება, ჩემი სახლიდან ცოტა ხნის წინ დაიკარგა რაღაც საბუთები მათ შორის არის თბილისის პროკურატურის გადაწყვეტილება ჩემი დაზარალებულად ცნობის შესახებ. ამ გადაწყვეტილებაში წერია რომ სუსი უკანონოდ ყოველგვარი სასამართლოს სანქციის გარეშე მისმენდა მითვალთვალებდა და შიფრავდა ჩემს პირად მოკლეტექსტურ შეტყობინებებს. ამ საქმეში დაზარალებულად პროკურატურამ მცნო. ეს დოკუმენტი ვის რაში სჭირდებოდა წარმოდგენა არ მაქვს", - წერს ის.

ამის შესახებ განცხადება უკვე გაავრცელა მედიაომბუდსმენმა და დაწერა, რომ დაკარგულ დოკუმენტაციას შორისაა: დადგენილება ჟურნალისტის დაზარალებულად ცნობის შესახებ და ჟურნალისტის საქმიანობის დამადასტურებელი რამდენიმე საერთაშორისო აკრედიტაცია

"ჟურნალისტის განმარტებით, მითითებული დოკუმენტების გაუჩინარების პარალელურად, აქტიურად ხდება მისი თვალთვალი კაფეებსა და აუზზე, ასევე სახლთან. ეს პროცესი მისთვის შესამჩნევი გახდა საქართველოში ყოფნისას

2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ე.წ. სუსის ფაილების ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ, უკანონო მოსმენების და ფარული მიყურადების საქმეზე 2022 წლის 29 ივლისს ჟურნალისტი დაზარალებულად ცნეს. არსებობს დადასტურებული ფაქტები მისი პირადი და საქმიანი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის შესახებ

აღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებული ახალი გარემოებები ჟურნალისტს მიაჩნია დევნის გაგრძელებად მისი პროფესიული გადაწყვეტილებების და საქმიანობის (სიტყვის და აზრის თავისუფლება) გამო, რაც გამოწვეულია ჟურნალისტური საქმიანობაზე გავლენის მოსახდენად გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან", - ნათქვამია განცხადებაში.

მედიაომბუდსმენმა სამართლებრივი რეაგირებისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა, რათა დაცული იყოს ვასილ დაბრუნდაშვილის ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.


close დახურვა