logo
ENG



რა ვიცით ტვერში თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე, რომლის მგზავრთა სიაში პრიგოჟინიცაა

23 აგვ 202322:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/23/qwhti2iijkhxa50.jpg

ცოტა ხნის წინ რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა - წინასწარი ცნობებით, ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ყველა დაღუპულია. როგორც TASS-მა Rosaviatsia-ზე დაყრდნობით დაწერა, მგზავრთა სიაშია ევგენი პრიგოჟინიც.

რუსული მედიის ცნობით, თვითმფრინავი ტვერის ოლქში, სოფელ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, ბორტზე 3 პილოტი და 7 მგზავრი იყო - ის შერემეტიევოს აეროპორტიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა.

როგორც საერთაშორისო მედიები წერენ, თვითმფრინავი პრიგოჟინს ეკუთვნოდა, თუმცა ამ ეტაპზე, დაზუსტებით უცნობია ბორტზე მისი ყოფნა. ამასთან, Meduza-ს ცნობით, თვითმფრინავში, შესაძლოა, იმყოფებოდა დიმიტრი უტკინიც - პრიგოჟინის "მარჯვენა ხელი" და ვაგნერის მეთაური.

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.


close დახურვა