პოლიტიკური შეთანხმებისა და ხელმოწერილი დაპირებების მიუხედავად, დღეს საქალაქო თუ სააპელაციო სასამართლოებში კვლავ მედიამენეჯერების, პოლიტიკური ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა. ისევ გაურკვეველია, რა ფორმით დატოვებს საპატიმრო დაწესებულებებს ოპოზიციის მიერ დასახელებული 4 პირი.
ხმაური იყო „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას პროცესზე. ადვოკატები ამბობენ, რომ დღეს სხდომაზე გამოკითხულმა პოლიციის თანამშრომელმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ საქმე „გაყალბებულია“.
„დღეს ბრალდების მოწმემ საერთოდ თავდაყირა დააყენა ჩვენება და რაზეც ვსაუბრობდით, შეიძლება ითქვას, დაადასტურა, რომ ეს საქმე არის გაყალბებული. ბრალდების მოწმემ, პოლიციის თანამშრომელმა უკვე სიყალბეები წამოწია და აუცილებელია, რომ ეს საქმე საერთოდ შეწყდეს“, - განაცხადა ადვოკატმა ლევან სამუშიამ.
საქმესთან დაკავშირებით რურუას კიდევ ერთმა უფლებადამცველმა, დიტო საძაგლიშვილმაც ისაუბრა:
„პოლიციელმაც კი არ დაადასტურა გიორგი რურუასთვის ჩხრეკის ჩატარება და ბუნებრივია, მას არც ცეცხლსასროლი იარაღი უნახავს შემთხვევის ადგილზე. შესაბამისად, თუ აქამდე ვამბობდით, რომ საქმეში არის მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც ამბობდნენ, რომ თითქოს გიორგი რურუას ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, ახლა გვაქვს რეალობა, რომ ყველა პოლიციელი ამას არც ამბობს. მან ცადა გამოეძვრინა თავი და თქვა, რომ არ დაუნახავს და არც გამორიცხა, მაგრამ ადამიანი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე იმ პერიოდში, როდესაც მიმდინარეობდა გიორგი რურუას ჩხრეკა, მაგრამ ეს პოლიციელი ამ პროცესს ვერ ხედავდა“, - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურა აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლისთვის არავითარი გარემოება არ არსებობს.
„მოწმის განმარტებით, იგი იმყოფებოდა ავტომანქანის მარცხენა მხარეს, ანუ იქ, სადაც საჭეა და იყო მძღოლი. საქმის მასალებით დგინდება, რომ გიორგი რურუას ჩხრეკა დაიწყო ავტომანქანის უკანა მარჯვენა კარებთან, შესაბამისად, მაშინ როცა მოწმე იმყოფებოდა წინა მარცხენა კართან, ბუნებრივია ვერ დაინახავდა განვითარებულ მოვლენებს. მოცემული ეტაპისთვის რაიმე ისეთი ახალი გარემოება არ გამოვლენილა, რამაც შესაძლებელია გავლენას მოახდინოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პროკურორმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი სხდომა დღეს ბესიკ თამლიანის საქმეზე იყო ჩანიშნული, თუმცა პროცესი გადაიდო. კონკრეტული ვადის დასახელების გარეშე გადაიდო ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვაც, თუმცა აქ მოსამართლემ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმებული შეთანხმებით, არამედ ტელეკომპანია „პირველის“დამფუძნებლის მამის ჯანმრთელობის მდგომარეობით იხელმძღვანელა.