logo
ENG



რა ფორმით ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია - აღდგომამდე საპატრიარქოში შეხვედრა იგეგმება

05 აპრ 202020:10
3 წუთის საკითხავი
 

ბზობის დღესასწაულის შემდეგ, აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე საპატრიარქოში მაღალი იერარქიის წევრები შეიკრიბებიან და გადაწყვეტენ, თუ რა ფორმით ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია.

სააღდგომო ღვთისმსახურების საკითხზე სინოდის შეკრებას გამორიცხავს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მიზეზი კორონავირუსის გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობაა. მეუფე გრიგოლის განმარტებით, გადაწყვეტილება პატრიარქმა უნდა მიიღოს, რომელსაც ყველა დაემორჩილება. იმ პოლიტიკოსებს კი,  რომლებმაც სააღდგომო ლიტურგიის სახლიდან ნახვის ინიციატივა გამოთქვეს, მოუწოდებს ხალხთან ერთად დადგნენ იქ, სადაც დაინფიცირების რისკი მაღალია.

კორონავირუსთან დაკავშირებით იქადაგეს დღეს სამების საკათედრო ტაძარშიც. საკვირაო წირვას პატრიარქი და ეპისკოპოსები არ ესწრებოდნენ. ილია მეორემ წირვა თანამოსაყდრე შიოსთან ერთად საპატრიარქოს ეზოში მდებარე ეკლესიაში აღავლინა.

მრევლი  ეკლესიაში სიარულს განაგრძობს და სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით პატრიარქის კურთხევას ელოდება. მათი ნაწილი საფრთხეს აანალიზებს, თუმცა დისტანციური მსახურების მომხრე მაინც არაა.

საკვირაო წირვა საქართველოს მასშტაბით დისტანციის დაცვით ან ღია ცის ქვეშ ჩატარდა, 3 კაცის შეკრების პრინციპის დარღვევით. ეზიარა ათობით მორწმუნეც. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში პირბადეებიც დაარიგეს.

სამშაბათს სამების საკათედრო ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვას პატრიარქი აღავლენს.

 

 


close დახურვა