logo
ENG



რა შემთხვევაში იფიქრებდა სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე

13 დეკ 202315:11
3 წუთის საკითხავი
 

"თუ საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხება, ნებისმიერ რამეზე ვიფიქრებდი", - ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რადიო თავისუფლების ჟურნალისტის კითხვას, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მის შესაძლო მონაწილეობას უკავშირდება.

ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა, "თუ საქმე საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხება, შესაძლოა თუ არა იფიქროთ პარტიის ჩამოყალიბებაზე ან რაიმე სხვა ფორმით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, რაზეც მან უპასუხა:

"სხვაგვარად ვიტყოდი. თუ საკითხი საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხება, ნებისმიერ რამეზე ვიფიქრებდი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამჟამად მისი მთავარი გეგმები პრეზიდენტის ვადის დასრულებას და ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას უკავშირდება.

"ამჟამად მე პრეზიდენტი გახლავართ და ჩემი მანდატი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სრულდება, ახალი პარლამენტი კი ახალ პრეზიდენტს აირჩევს, რადგან ჩვენი კონსტიტუციის თანახმად ეს იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი ხალხმა აირჩია. ჩვენი გეგმა - თუ ამას შეიძლება გეგმა ვუწოდოთ ამჟამად არის ის, რომ მანდატი ბოლომდე მივიყვანო და შევასრულო ჩემი როლი. პრეზიდენტმა უნდა სცადოს და კონსენსუსს მიაღწიოს ქვეყანაში, რომელიც ღრმადაა პოლარიზებული - ეს, ცხადია, იოლი ამოცანა ვერ იქნება საარჩევნო წელს, რომელიც, სავარაუდოდ, ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მხარდაჭერა იმ პოლიტიკური ძალებისა, რომლებიც ცდილობენ იმ ცხრა რეკომენდაციის შესრულებას, რომელთა შესრულებაც მოგვიწევს მას შემდეგ, როცა, იმედია, მივიღებთ კანდიდატის სტატუსს რამდენიმე დღეში. ჩვენ, წლის დანარჩენი დრო, არჩევნებამდე და არჩევნების ჩათვლით უნდა გამოვიყენოთ, რომ ვასრულებთ იმ ავანსს, რომელიც საქართველოსთვის გასცეს. აი, ესაა ჩემი გეგმები. [...] თუ დავინახავ, რომ ამ ამოცანის შესრულებას განსხვავებული ფორმატი დასჭირდება, მაშინ, ვნახოთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

[რადიო თავისუფლების თარგმანი]


close დახურვა