logo
ENG



რა ხდება აჭარის ტელევიზიაში - უპრეცედენტო ბრძოლა სიტყვის თავისუფლების დასაცავად

16 მაი 202019:45
3 წუთის საკითხავი
 

რა ხდება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში - "ფორმულა" შეეცადა, გათავისუფლებული თანამშრომლებისგან მეტი ინფორმაცია მოეპოვებინა. 

ჩვენთან საუბარში რესპონდენტები ამბობენ, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს, ეს ყოველივე კი,  მათი შეფასებით, ხელისუფლების მიერ კრიტიკული მედიის ჩახშობის მცდელობას უკავშირდება. 

ჟურნალისტი მალხაზ რეხვიაშვილი აცხადებს, რომ აჭარის მაუწყებლის დირექტორმა სამსახურიდან ფეისბუკზე დაწერილი სტატუსის გამო გაათავისუფლა. ის გადაცემა „ჰეშთეგის" წამყვანი და ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარეც იყო. რეხვიაშვილი აქამდე სხვა გათავისუფლებულ კოლეგებს სასამართლო დავებში ეხმარებოდა, ახლა კი დირექტორის წინააღმდეგ სარჩელს თავად ამზადებს.

გათავისუფლებული რეხვიაშვილი სტატუსში ჟურნალისტ თეონა თურმანიძეს უჭერდა მხარს. ის კიდევ ერთი ჟურნალისტია, რომელსაც გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ საკადრო პოლიტიკა შეეხო. თეონა თურმანიძე არ გაუთავისუფლებიათ, თუმცა ერთი წლით აუკრძალეს რეპორტიორობა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების წაყვანა. თურმანიძის შემცვლელი, როგორც სხვა შემთხვევებში, დირექტორმა მალევე მოძებნა. მის ნაცვლად ახალი ამბები ახლა აჭარის საავტომობილო გზების პრესსამსახურის ყოფილ თანამშრომელს, ნაზი ქობულაძეს მიჰყავს.

ეთერიდან მოხსნილი და სამსახურიდან გაშვებული ჟურნალისტი თეონა ბაკურაძე ამბობს, რომ ხელისუფლების ორკესტრირებული შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილი აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის, თეონა თურმანიძის კრიტიკულმა კითხვამ გააღიზიანა. 

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სოსო სტურუა გვარწმუნებს, რომ მაუწყებლის იდეა სწორად ესმის. სხვას ამბობს ფაქტები, რომლებზეც კრიტიკული აზრისთვის დასჯილი ჟურნალისტები საუბრობენ. გუნდს, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებშიც პოზიტიურ კონტექსტში ბევრჯერ მოხვდა, ახალი მენეჯმენტი პარტიულობას აბრალებს.  სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და კადრების დეპარტამენტის დირექტორი ამტკიცებენ, რომ ჟურნალისტები კანონიერად გათავისუფლდნენ, ფეისბუქსტატუსები კი ცილისწამებასა და დეზინფორმაციას შეიცავდა. 

მაუწყებლის გადასარჩენად რამდენიმე საპროტესტო და სოლიდარობის აქცია გაიმართა. ჟურნალისტები ბრძოლას სასამართლოში აგრძელებენ. არხზე მიმდინარე პროცესებს საერთაშორისო ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ. მათ შორის ევროსაბჭო და „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ხელისუფლების ინტერესი დამოუკიდებელი მედიის დევნაა. 

ჟურნალისტების ნაწილი მაუწყებელში რჩება და ბრძოლას შიგნიდან აპირებს. ახლა კოხრეიძის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე საქმეა შესული. კოლექტიური სარჩელით ჟურნალისტები კოხრეიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყებას ითხოვენ და არხის დირექტორს შრომითი ურთიერთობების დარღვევას ედავებიან. ჟურნალისტების თქმით, ეს იქნება ყველაზე ხანგრძლივი და უპრეცედენტო დავა სიტყვის თავისუფლების დასაცავად. 


close დახურვა