ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ მორიგ, 1 ივნისის ანგარიშს აქვეყნებს.
ძირითადი მიგნებები:
- რუსული ძალები დაწინაურდნენ სლოვიანსკის ჩრდილოეთით, თუმცა სავარაუდოდ, ჯერჯერობით ვერ ახერხებენ სლოვიანსკიმდე მისასვლელ გზაზე კონტროლის დამყარებას.
- რუსული ძალები სამხრეთიდან და დასავლეთიდან ლისიჩანსკის მიმართულებით დაწინაურებას სევეროდონეცკიდან ცდილობენ, რათა აირიდონ მდინარის გავლით ბრძოლა. თუმცა ამ კუთხით მათი წინსვლა ჯერჯერობით შეზღუდულია.
- რუსმა სამხედროები დაწინაურდნენ ავდიივკას ჩრდილოეთით.
- რუსმა სამხედროებმა უკრაინელების კონტრშეტევის წნეხზე პასუხად გაანადგურეს უკრაინელების აშენებული ხიდები ინჰულეცის მდინარეზე ქალაქ დავიდივ ბრიდის სიახლოვეს,
ომის კვლევის ინსტიტუტის 1 ივნისის ანგარიშის მიხედვით უკრაინის კონტრშეტევამ ხერსონის ოლქში რუსული ძალების ყურადღება მიიქცია და საპასუხოდ რუსეთი კონტრშეტევების თავიდან ასარიდებლად ცდილობს გაანადგუროს საგზაო საკომუნიკაციო ხაზები.
ინსტიტუტის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ 31 მაისსა და 1 ივნისს რუსულმა ჯარმა უკრაინის კონტრშეტევების შეზღუდვა მოახერხა, უკრაინა რუსეთის საგზაო კომუნიკაციის ხაზებს ხერსონის ოლქში საფრთხეს უქმნის. უკრაინულმა ძალებმა ორგანიზებული კონტრშეტევები განახორციელეს მდინარე ინჰულეცის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქალაქ დავიდივ ბრიდში, რომელიც რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. რუსეთმა საპასუხოდ გაანადგურა მდინარეზე არსებული ხიდები, მათ შორის ისინიც რომლებიც უკრაინელებმა ერთ-ერთი ასეთი კონტრშეტევისას გამოიყენეს, რათა შეაკავონ უკრაინის კონტრშეტევის ოპერაციები. თუმცა ინსტიტუტი აცხადებს, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, მაინც შეძლებს შეზღუდოს რუსეთის ძალების მიერ საავტომობილო გზის, როგორც მარაგების მიწოდების მთავარი გზის გამოყენებას.
კვლევის ინსტიტუტის ცნობით, რუსეთის ხელისუფლება, სავარაუდოდ, ელოდება ლუჰანსკში უკრაინელი პარტიზანების მხრიდან წნეხს. 1 ივნისს უკრაინის მთავარმა სადაზვერვო დირექტორატმა გამოაცხადა ლუჰანსკის პარტიზანთა პროექტი, რათა ლუჰანსკში რუსეთისადმი წინააღმდეგობა გააძლიეროს. გავრცელებული ინფორმაციით კი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკაში სპეციალურ დანაყოფს აგზავნის, რისი მიზანიც, ინსტიტუტის თქმით, ლუჰანსკში რუსული ადმინისტრაციის წარმომადგენლობის გაზრდაა.
რუსეთი აგრძელებს იმ ტერიტორიების ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობისთვის საფრთხის შექმნას რომლის დაკავებასაც ცდილობს. კვლევის ინსტიტუტი აცხადებს, რომ 31 მაისს რუსულმა ძალებმა სევეროდონეცკში აზოტის ქარხანას დაესხნენ თავს, რამაც ტოქსიკური კვამლის გავრცელება გამოიწვია. მწარმოებელი ქარხანა სევეროდონეცკისა და ზოგადად ლუჰანსკის რეგიონისთვის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი რესურსი იყო.
ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, რუსეთის მთავარი ძალისხმევა ახლა აღმოსავლეთ უკრაინისკენ, კონკრეტულად სამხრეთ ხარკივის, დონეცკისა და ლუჰანსკისკენაა მიმართული. რუსეთის მიზანი აღმოსავლეთში უკრაინული ძალების ალყაში მოქცევა და დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების მთლიანად დაკავებაა.
ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსეთმა ხარკივის ოლქში, ქალაქ იზიუმში დაწინაურება ჯერ ვერ შეძლო. თუმცა მეტ წარმატებას მიაღწია სლოვიანსკის ჩრდილოეთით - კონტროლი აიღო იაროვასა და სვიატოჰირსკზე. ახლა კი შეტევები ლიმანიდან დასავლეთით სლოვიანსკის მიმართულებით მიაქვს.
იმისთვის რომ რუსულმა ძალებმა სლოვიანსკიმდე სამანქანო გზით მიაღწიონ მათ მოუწევთ მდინარე სევერსკი დონეცის გადაკვეთა, რომელიც რაიჰოდოროკის გარეთ მდებარეობს. ISW აცხადებს, რომ რუსული ძალები ჯერჯერობით ვერ აკონტროლებენ რაიჰოდოროკი-სლოვიანსკის გზას.
რუსული ძალები განაგრძობენ სევეროდონეცკში დაწინაურებას. მის 70%-ს უკვე აკონტროლებენ. გარდა ამისა იბრძვიან უსტინივკასა და მირნა დოლნაშიც, რაც სავარაუდოდ მიუთითებს იმაზე, რომ რუსული ძალები ლისიჩანსკის ჩრდილო-დასავლეთით დაწინაურებას მდინარის გადაკვეთის გარეშე, სევეროდონეცკის გავლით ცდილობენ.
რუსეთი დონეცკის ოლქში სახმელეთო, საჰაერო და საარტილერიო თავდასხმებს განაგრძობს. თავდასხმები გრძელდება ქალაქ ხარკივზეც.
რუსული ძალები განაგრძობენ უკრაინის სამხრეთში პოზიციების გამაგრებას, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივი კონტროლი აიღონ. ISW-ის ცნობით, რუსულ ძალებს ზაპოროჟიეს ოლქზე თავდასხმის ნაცვლად საინჟინრო სამუშაოებს ატარებენ, რათა თავდაცვის მეორე ხაზი გააძლიერონ. ვასილივკაში კი, რომელიც ზაპოროჟიედან 50-მდე კმ-ში მდებარეობს მათ T-62 ტანკებისა და მოტორიზებული იარაღის ბატალიონი გადაიყვანეს.