logo
ENG



რადამ მანდატი ჩამოართვა დეპუტატს, რომელიც ომის დროს მალდივებზე ისვენებდა

27 ივლ 202318:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/27/uyrdpop8c6igvwi.jpeg

უკრაინის უმაღლესმა რადამ პარტია ხალხის მსახურის დეპუტატ იური არისტოვს, რომელიც ომის დროს მალდივებზე ატარებდა შვებულებას, უფლებამოსილება შეუწყვიტა.

როგორც რადას დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა თქვა, არისტოვისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას 320-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

გამოძიების თანახმად, დეპუტატი სამდღიანი მივლინებით გაემგზავრა პოლონეთში, ხოლო მოგვიანებით ავადმყოფობა მოიმიზეზა. უკრაინის გენერალური პროკურატურის მტკიცებით, სწორედ ამ პერიოდში იმყოფებოდა დეპუტატი მალდივებზე, სადაც ოჯახთან ერთად ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ისვენებდა.

არისტოვზე სისხლის სამართლის საქმე გაყალბების მუხლით აღიძრა. დეპუტატის ბინაში ჩატარდა ჩხრეკა, რომლის შედეგად აღმოჩენილ იქნა ცრუ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაცია გამგზავრების თარიღის, მიზნისა და მიმართულების შესახებ, ასევე ამოიღეს პასპორტი, რომელიც ადასტურებდა მის მალდივებზე მოგზაურობას.

მოცემულ ფაქტს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც გააკრიტიკა კორუფცია და ოფიციალური პირები, რომლებიც ომის დროს პასუხისმგებლობას თავს არიდებენ.

"ნებისმიერი შიდა ღალატი, ნებისმიერი "სანაპირო" ან ნებისმიერი პირადული სარგებელი უკრაინის ინტერესების სანაცვლოდ, სულ მცირე რისხვას, გაბრაზებას იწვევს. დაიმახსოვრეთ ეს", - განაცხადა ზელენსკიმ.

2023 წლის იანვარში უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭომ ოფიციალურ პირებს საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალა. ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის პერიოდში საჯარო მოხელეებს უკრაინის ფარგლებს გარეთ მხოლოდ სამსახურებრივი მივლინებით შეუძლიათ გამგზავრება.


close დახურვა