logo
ENG



რადიო თავისუფლება: ვაკის შადრევანს და ვარკეთილის მეტროს ექსპერტიზა ერთმა კომპანიამ ჩაუტარა

17 ოქტ 202221:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/17/exve6ou9jbtovor.png

ვაკის პარკის შადრევანსა და ვარკეთილის ჩამონგრეულ მეტროსადგურს ექსპერტიზა ერთმა და იმავე კომპანიამ, შპს სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ ჩაუტარა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და შესაბამისი დოკუმენტაციის ფოტოებს აქვეყნებს.

რადიო თავისუფლების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, ჩანს რომ კომპანიის დოკუმენტაციაში არ არის გაწერილი ჩატარებული სამუშაოს შესახებ სრულყოფილი დასკვნა, მითითებულია მხოლოდ მხარეების მონაცემები, ასევე დახარჯული თანხა და სამუშაოების ჩატარების თარიღები.

 

გარდა ამისა, ცნობილია რომ, შპს სამშენებლო ექსპერტიზის ბიურო 2022 წლის აპრილში შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში მოხვდა და ერთი წლით აეკრძალა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა. აკრძალვის მიზეზი ის გახდა, რომ სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ აპრილში 420 000 ლარის ღირებულების ტენდერში მიიღო მონაწილეობა და დოკუმენტებში ექსპერტად რამდენიმე თვის გარდაცვლილი ადამიანი მიუთითა.

"სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 420 000 ლარის ღირებულების ტენდერში 2022 წლის თებერვალში ექსპერტად წარადგინა ადამიანი, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა. ბორჯომის მუნიციპალიტეტი ამ შესყიდვით ეძებდა კომპანიას, რომელიც ინფრასტრუქტურული სამუშაოების ზედამხედველობა უნდა გაეწია. ის გარემოება, რომ ტენდერში მონაწილე კომპანია სახელმწიფოს გარდაცვლილი ექსპერტით სთავაზობდა მომსახურებას, ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და შესყიდვების სააგენტოსთვის ცნობილი გახდა სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს კონკურენტი კომპანიის საჩივრით", - წერდა რადიო თავისუფლება 15 ოქტომბერს.

ამასთან, ვაკის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის სექტემბრამდე სულ 6 ანგარიში მომზადდა, მათგან 5 სწორედ სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს ეკუთვნის. 

ვაკის პარკის ცენტრალური შადრევანი რამდენიმეთვიანი რეაბილიტაციის შემდეგ 12 ოქტომბერს გახსნეს. ღონისძიებას თბილისის მერი, კახა კალაძეც ესწრებოდა. როგორც მერიაში განაცხადეს, მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარია. ჯამში, ვაკის პარკის განახლების პროექტი, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩათვლით, 33 000 000 ლარს შეადგენს.

რამდენიმე საათში, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა, რის შედეგადაც 13 წლის მოზარდი დაიღუპა, კიდევ 2 კი დაშავდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს გრინსერვის+-მა შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ გრინსერვის+-ის მეწილეები წლების წინ ფულის გათეთრებისა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ბრალდებით იყვნენ დაკავებულები. 

მოგვიანებით, გამოცემა ნეტგაზეთმა მოიპოვა დოკუმენტები, სადაც ჩანს, რომ თბილისის მერიამ ოფიციალურად ჩაიბარა შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მათი ცნობით, შადრევნის შესახებ ინსპექტირების განმახორციელებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ შესრულებული სამუშაოები სამშენებლო ნორმებს შეესაბამებოდა. დოკუმენტში წერია, რომ სამუშაოები ინსპექტირებულია "აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო "მშენექსპერტის" ინსპექტირების ანგარიშით".

ნეტგაზეთის ცნობით, ინსპექტირების ანგარიში მერიას მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე 4 დღით ადრე, 22 აგვისტოს წარუდგინეს.

ვაკის პარკში მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით იძიებს, თუმცა უწყებას ამ დრომდე არავინ დაუკავებია. 

რაც შეეხება ვარკეთილის მეტროს განახლებული ჭერს, ის გარემონტებიდან 4 თვეში, 2018 წლის 30 იანვარს ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

ფლანგვის დეტექტორის მოკვლევით, მაშინ თბილისის მერიამ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციისთვის ₾826 078 დახარჯა, თუმცა, მეტროსადგური კვლავ ურემონტოა. 


close დახურვა