რადიო თავისუფლბის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართავს.
როგორც გამოცემა წერს, 14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანი მიშელს წერს, რომ ევროპის საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით".
"ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს ამ დასკვნას, მასზე ყოველგვარი დისკუსიის შესაძლებლობის გარეშე. აშკარაა, რომ ერთობა ვერ შედგება კომისიის დასკვნაზე, რადგან ის ეწინააღმდეგება 2022 წლის 23-24 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნებს. ამდენად, ახალი ვარიანტების შემუშავებაა საჭირო", - წერს ორბანი.
4 დეკემბრით დათარიღებულ წერილში, რომელიც რადიო თავისუფლებამ ნახა, ორბანი ასევე ახსენებს 2021-2027 წლების მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს გადახედვას, და სთხოვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, არ მოიწვიოს საბჭოს შეხვედრა ამ საკითხების გადასაწყვეტად. უნგრეთის პრემიერი წერს, რომ უკრაინის გაწევრიანების პროცესზე ევროკომისიის ბოლო დასკვნა, ევროკავშირის გაფართოების, როგორც დამსახურებაზე დაფუძნებული პოლიტიკის დასასრულს ნიშნავს.
ორბანი წინა წერილის შინაარსს და საკუთარ ინიციატივასაც ახსენებს - უკრაინის საკითხზე საერთო მიდგომის შესამუშავებლად სტრატეგიული დისკუსიის დაწყებაზე.