შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამშრომლის, გოგა რაზმაძის ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქოს დროებითი განჩინება, რომლითაც შსს-ს მის პოზიციაზე სხვისი უვადოდ დანიშვნა ეკრძალებოდა.
მისი თქმით, საკუთარი უფლებების დაცვისთვის ბრძოლას აგრძელებს.
"თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით გაუქმდა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცემული დროებითი განჩინება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკრძალული ჰქონდა ჩემს პოზიციაზე სხვა პირის უვადოდ დანიშვნა.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, უახლოვეს პერიოდში გამოჩნდება, აღნიშნულს რა "მსუსხავი" ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. მე რა თქმა უნდა, ვაგრძელებ ჩემი უფლებების დაცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით", - წერს რაზმაძე.
***
10 ნოემბერს გოგა რაზმაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს - როგორც მან განაცხადა, შსს-ს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე დისციპლინური სახდელი შეუფარდეს.
12 ივლისს გოგა რაზმაძემ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, Facebook-ზე გამოაქვეყნა საჯარო პოსტი, სადაც ისაუბრა სამინისტროში დისკრიმინაციის და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მიერ მის მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ მოპყრობასა და ახსნა-განმარტების მიცემის იძულების ფაქტზე.
გოგა რაზმაძის თქმით, 4 ივლისს, საგამოძიებო სამსახურს მიმართა და განცხადებაში აღნიშნა, რომ საქმის გამოძიების დროულად დაწყებას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა მტკიცებულებების (მათ შორის, ვიდეოჩანაწერების) განადგურების თავიდან ასაცილებლად.
28 ივლისს, გოგა რაზმაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მისი საქმის გამოძიებაზე უარი თქვა.
აღნიშნული საქმის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა. 30 ოქტომბერს ომბუდსმენის მიერ საქმის შეწყვეტის შესახებ თავად გოგა რაზმაძემ Facebook-ზე დაწერა. რაზმაძე აცხადებდა, რომ იოსელიანის მიერ საქმის შეწყვეტის დასაბუთება "სამარცხვინოა".
მისივე ინფორმაციით, იოსელიანმა საქმის შესწავლისას რაზმაძის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ასევე, არ გამოკითხა მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის მოწმე არცერთი პირი.