რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმების გადათვლა 9 ოქტომბრის საღამოს, დაჩქარებული წესით დაიწყეს.
მაშინ, როცა საზოგადოების და მედიის ყურადღება ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ნგრევისკენ იყო მიმართული, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 10-მდე ოლქში ხმების გადათვლის გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც საოლქო კომისიებმა, ღამით ერთმანეთის პარალელურად დანიშნეს სხდომები. სხდომები ხმაურის და კამათის ფონზე წარიმართა.
კომისიის წევრებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომელ ოლქში და რა საფუძვლით იწყებოდა ხმების გადათვლის პროცესი.
მაგალითად, ხმების გადათვლა 9 ოქტომბრის 22:00 საათზე დაიწყეს საბურთალოს ოლქში, სადაც სხდომაზე არ უშვებდნენ დროას იურისტს და წარმომადგენელს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე გიორგი ლემონჯავას.
ის უბანზე მას შემდეგ დაუშვეს, რაც პოლიციის გამოძახება დააპირა.
"ჩვენ აქ გვაქვს რეგისტრირებული არაერთი საჩივარი, რომელთა განხილვაზც გვითხრეს უარი. ახლა მინდა, რომ შემთხვევითი შერჩევის გზით არჩეულ უბნებზე გადათვლას მაინც დავესწრო". - თქვა ლემონჯავამ.
ღამით, ენმ-ის ზუგდიდის აქციის პარალელურად დაინიშნა საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში - მარტვილში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში.
მარტვილში ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა უბნების გახსნას და გადათვლას, რის შემდეგაც სხდომა ჩაიშალა.
დამკვირვებლების თქმით, ოთახი, სადაც ბათილი ბიულეტენები იყო მოთავსებული, დალუქული არ ყოფილა.
"თავმჯდომარეს დავურეკე და ვკითხე, ჩვენი განკარგულება გაასაჩივრა თუ არა ვინმემ, ვინაიდან ვადები იწურებოდა. მითხრა, რომ არ შესულა სასამართლოში არანაირი განკარგულება. და შემდეგ სხვათა შორის მაცნობა, რომ 10 საათისთვის იგეგმებოდა საოლქოში სხდომა. რომ ვიკითხე, რა საკითხზე, მითხრა, უნდა მოხდეს 4 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლა.
ასევე, მაცნობეს, რომ იყო ოთახი, სადაც იყო დალუქული ბიულეტენები და ეს ოთახი იყო ღია. რომელი საათიდან გაიხსნა, დღეს გაიხსნა თუ გუშინ, არ ვიცი. ვთხოვეთ განმარტება, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ". - ამბობს ეკა ჯანაშია, დამკვირვებელი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.
ჩხოროწყუში 4 უბანი გაიხსნა, სადაც გადაითვალეს ბათილი ბიულეტენები. შედეგად ხმები ოპოზიციის წარმომადგენლებს დაემატათ.
"ჩხოროწყუშიც ზუგდიდის სცენარია. ჯერ ის უბნები გახსნეს, სადაც ოპოზიციას შეიძლებოდა, დამატებოდა ხმები. უახლოეს მომავალში ამ ხელისუფლებისგან უნდა ველოდოთ იმ უბნების გახსნას, რომლებიც შედეგებზე გავლენას მოახდენს. დღის განმავლობაში შეეძლოთ მათ ეს სხდომები დაენიშნათ, მაგრამ მაშინ დანიშნეს, როცა ზუგდიდში აქცია მიმდინარეობდა და მედიის ყურადღება აქეთკენ იყო მიმართული". - ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, ბართლომე შელია.
ხმაური იყო კასპში საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე, რომელიც ასევე 22:00 საათზე დაიწყო.
ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლებმა კომისიას 12 საჩივრით მიმართეს, თუმცა, კომისიამ არც ერთი მათგანი არ დააკმაყოფილა.
ოპოზიცია ირწმუნება, რომ კასპში საარჩევნო კარუსელი დატრიალდა - უბნებიდან ცარიელი ბიულეტენები გადიოდა, ქართული ოცნების აგიტატორები კი მოქალაქეებს წინასწარ შემოხაზულ ბიულეტენებს ატანდნენ.
ოპოზიცია აპირებს, ამ საქმეზე სასამართლოს მიმართოს.
დღეს, 10 ოქტომბერს განცხადება გაკეთდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, გადაითვალა 258 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები, მათგან 121 უბანზე შედეგები მცირედით შეიცვალა. მისივე თქმით, იყო ხარვეზებიც, რომელიც გადათვლის შედეგად გამოვლინდა და შესაბამისი ცვლილება განხორციელდა მონაცემებში. შედეგად, ცალკეულ კანდიდატებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა, თუმცა ამას საერთო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.