თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს და შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ საქმეს არ გამოიძიებენ. ის ოჯახთან ერთად მთავარ პროკურატურასთან მივიდა და გენპროკურორ ირაკლი შოთაძეს მიმართა, რომ ოჯახს გვერდით დაუდგეს.
"მას შემდეგ, რაც ფედერალური ბიუროს ჩართვა მოვინდომეთ, შსს ვითომდა მზად იყო. [...] მთელი ლეპტოპი აბსოლუტურად წაშლილია და ეს არის იმისკენ მიმართული, რომ გადაწყვეტილი აქვთ, არანაირი საქმე არ გამოიძიონ და ხელს აფარებენ ბავშვის მიერ ინფორმაციის ფლობასა და მკვლელობას. თვითმკვლელობის იქით არაფერს გამოიძიებენ".
5 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა. მათი მტკიცებით, დათვალიერების ოქმის თანახმად, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია ფეისბუქის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებულია გვერდის სათაური - What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს - რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები?
ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა, გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და საქმეში აშშ-ის ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვს.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.
29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.