თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში არსებული მასალის კლონირება და დეშიფრაცია დასრულებულია, - ამის შესახებ გარდაცვლილის ოჯახის უფლებადამცველმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.
რამიშვილის თქმით, ექსპერტიზის შემდეგ უთხრეს, რომ კომპიუტერში ლოკალურად დაყენებული Facebook და Instagram არ იყო.
“ექსპერტიზამ დაადგინა შემდეგი, რომ მიმოწერის პროგრამები არ იყო ლოკალურად დაყენებული ანუ ფეისბუქი და ინსტაგრამი საერთოდ არ იყო კომპიუტერში. წაშლილია, გაუქმებულია ყველაფერი. ლეპტოპიდან არ არის შესული Facebook-ზე, არის შესული, მაგრამ ეს შეიძლება, ტელეფონიდან მოხდა. ამავდროულად, სისტემური და მომხმარებლის 193 000 ფოტოა და ვიდეოებია 488. რაც მთავარია, არანაირი სხვა ფაილები არ არსებობს. იცით როგორი შთაბეჭდილება დამრჩა? ეს არა თუ პროგრამისტისა და კომპიუტერის მცოდნის პირადი ლეპტოპია, არამედ ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანის. არაფერი საინტერესო იქ არაა. ამათი შეფასებით, ბოლო შესვლა კომპიუტერში მოხდა ათ საათსა და ორ წუთზე“, - განაცხადა რამიშვილმა.
რამიშვილი გამოძიებას არ ენდობა და აცხადებს, რომ აუცილებელია საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ექსპერტები ჩაერთონ.
“აუცილებლადაა ჩასართავი საქმეში ფედერალური ბიუროდან ექსპერტები. აქედან უფრო მეტი ეჭვი მიჩნდება, რომ ხდება კომპიუტერთან მიმართებაში, იმის შექმნა, რომ გამყარდეს თვითმკლელობის ვერსიები“, - აცხადებს რამიშვილი.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.
29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.