logo
ENG



რას ამბობენ ილიაუნიში ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის დახურვაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე

13 სექ 202318:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/13/0f30w2ztxo0s6r6.jpg

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, აკრედიტებული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე აქვთ ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსის ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. ილიაუნის კანცლერის, ქეთი ლაკირბაიას თქმით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სწავლისა და კვლევის პროცესები სხვადასხვა შენობაში გადანაწილდეს.

ის ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასაც ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დახურვასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა ბენეფიციარები სხვა სივრცეებში გადანაწილდნენ. აღსანიშნავია, რომ ცენტრი ილიაუნის ამ ავარიულ შენობაში მდებარეობდა.

"ილიას უნივერსიტეტს აქვს 11 სასწავლო კორპუსი და აქედან ერთ სასწავლო კორპუსს შეექმნა პრობლემა - აკრედიტებული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე გვაქვს ინფორმაცია, რომ ექსპლუატაცია ამ კორპუსის არის საფრთხის შემცველი. ამიტომ მივიღეთ სასწრაფო ზომები, სწავლისა და კვლევის პროცესი გადანაწილდა სხვა შენობებში, რაც შეეხება ბავშვის განვითარების ინსტიტუტს, მათ ბენეფიციარებსა და სპეციალისტებს - ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ გადანაწილდნენ სხვა სივრცეებში.

ბავშვის განვითარების ინსტიტუტს სჭირდება სპეციფიკური სივრცეები - სენსორული ოთახი, თერაპიის ოთახები, ამიტომ მათი გადანაწილება ჩვეულებრივ საკლასო ოთახებში ვერ ხერხდება, შესაბამისად, სხვადასხვა მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი, რომ ბენეფიციარებისა და სპეციალისტების ინტერესების გათვალისწინებით, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ მოხდეს მათი გადანაწილება", - განაცხადა ილიაუნის კანცლერმა, ქეთი ლაკირბაიამ.

მისი თქმით, დასკვნა აგვისტოში მიიღეს, ხოლო მისი ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც კორპუსის დათვალიერების დროს, ბზარები შენიშნეს - ილიაუნის წარმომადგენელი ამბობს, რომ სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ხოლო ბავშვის განვითარების ინსტიტუტის გადატანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიდის. ის ვერ ასახელებს დეტალებს, მათ შორის ვერც ხარჯებთან და გადატანის სავარაუდო თარიღთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნავს, რომ ინსტიტუტის ბენეფიციარებთან ამ საკითხზე შეხვედრებია დაგეგმილი.

დღეს სოციალურ ქსელში მოქალაქე გვანცა გულიაშვილმა დაწერა, რომ მიიღეს ინფორმაცია ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი დახურვასთან დაკავშირებით - მისი განცხადებით, ეს ინფორმაცია სწავლის დაწყების წინა დღეს მიაწოდეს და ასზე მეტ ბენეფიციარი ცენტრის გარეშე რჩება.

ბავშვის განვითარების ინსტიტუტი 2014 წლის 24 იანვარს დაარსდა - ინსტიტუტი წარმოადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ მრავალპროფილურ დაწესებულებას, რომელიც ერთ სივრცეში ქმნის განათლების, კვლევისა და ხარისხიანი სერვისის მიღების შესაძლებლობას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების სფეროში.

ამჯერად ინსტიტუტი აერთიანებს შემდეგ ცენტრებს: სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრი, განსაკუთრებულ მოსწავლეთა განათლების, კონსულტირებისა და რეაბილიტაციის სასწავლო-პრაქტიკული ცენტრი, ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრი და აუტიზმის ცენტრი.


close დახურვა