logo
ENG



რას ამბობს ნიკო კვარაცხელიას საქმის ახალი ფიგურანტი - შაბათის ფორმულამ დეტალები გაარკვია

04 ივნ 202220:27
3 წუთის საკითხავი
 

გასულ კვირას თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე სისხლიანი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ ძმები დათა და გურამ კაკულიები დააკავა. მათ სერგი ქურთიაშვილის 10 ტყვია ესროლეს. კაკულიებს ბრალდება - საზღვრის კვეთის, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და სერგი ქურთიაშვილზე თავდასხმისთვის წარუდგინეს. აღსანიშნავია, რომ კაკულიების გვარი ფიგურირებს გასული წლის სექტემბერში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეშიც. კერძოდ, ნიკო კვარაცხელიას ოჯახმა მკვლელობიდან მალევე ძმები შემკვეთებად დაასახელა.

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, კრიმინალური წარსულის ძმები თბილისში ფარულად რამდენიმე თვის წინ შემოვიდნენ. ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში კიდევ ერთი ახალი ფიგურანტი გამოჩნდა - ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენის, ძმები ასკანელების კომპანიის დამფუძნებლის, ზურა ჩხაიძის შვილი, ნიკო ჩხაიძე.

შაბათის ფორმულამ მოიპოვა საქმის ახალი ფიგურანტის ჩვენება. ჩვენებიდან ირკვევა, რომ კვარაცხელიას მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ის მკვლელობაში ბრალდებულთან ერთად, ზურაბ ჟვანიას შვილის ბუსა ჟვანიას ავტომობილით, სომხეთში იყო წასული. ნიკო ჩხაიძის ჩვენებიდან ირკვევა ისიც, რომ სომხეთში მკვლელობაში ბრალდებულებთან ერთად მან ძმები კაკულიებიც ნახა. რატომ იყო ჩასული კვარაცხელიას მეგობარი ჩხაიძე მის მკვლელთან ერთად სავარაუდო დამკვეთებთან, ამ თემაზე ჩვენებებში არაფერია. შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ჩხაიძე ვენაშია, მის ოჯახში კი მედიასთან კონტაქტი არ სურთ.

შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ ძმები კაკულიები რამდენიმე დღის წინ ნახეს წყნეთში, იმ სახლთან, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები თავს აფარებდნენ. გარდა ამისა, შაბათის ფორმულას ინფორმაციით, კაკულიების ბებიისა და ბაბუის სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემკვეთების საქმეზე პოლიციამ ათამდე პირი გამოჰკითხა, მათ შორისაა ყოფილი პრემიერმინისტრის ზურა ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანიაც, რომელსაც ბრალდებულებმა მკვლელობის შემდეგ მისწერეს და რომლის მანქანითაც მკვლელობაში ბრალდებულებმა ქვეყანა დატოვეს. საქართველოში არ იმყოფება არც ბუსა ჟვანია.


close დახურვა