logo
ENG



რას პასუხობენ ფორმულას კანადის საგარეოში შესაძლო სანქციების დაწესებაზე

10 დეკ 202421:41
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/10/2txc4vgy63og15j.jpg

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მელანი ჯოლის განცხადების შემდეგ, რომლის თანახმადაც, კანადა სანქციებს დაუწესებს ადამიანებს, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან ჩართული, ფორმულამ კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვით მიმართა.

შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით დეტალებზე დასმული კითხვის პასუხად, კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ჯონ ბებოკი ამბობს, რომ კანადა აგრძელებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე აქტიურ დაკვირვებას, რათა შეაფასოს ადამიანის უფლებების დარღვევის, კორუფციისა და სხვა გარემოებების შესაძლო შემთხვევები, რაც შესაძლოა იყოს სანქციების გამოყენების წინაპირობა.

"კანადა აგრძელებს საქართველოს საქართველოს პოლიტიკური ტრაექტორიის დაკვირვებას და მოუწოდებს საქართველოს, შეცვალოს ძალისხმევა დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით, რათა უზრუნველყოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია. ადამიანის უფლებების ხელშეწყობა და დაცვა კანადის საერთაშორისო საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. კანადა ინარჩუნებს ღია დიალოგს მთავრობებთან, მათ შორის საქართველოსთან, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, როგორც კანადის ვალდებულება ხელი შეუწყოს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას გლობალურად.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ განაცხადა, რომ კანადა იმუშავებს ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად კანადის სასანქციო რეჟიმის ფარგლებში შესაბამისი ქმედებების განსასაზღვრად, რომლის სამიზნეც იქნებიან კონკრეტული პირები და ორგანიზაციები, რომლებიც ჩართული არიან ადამიანის უფლებების დარღვევაში და/ან მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში. 

რაც ეხება სანქციებს, კანადა აგრძელებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე აქტიურ დაკვირვებას, რათა შეაფასოს ადამიანის უფლებების დარღვევის, კორუფციისა და სხვა გარემოებების შესაძლო შემთხვევები, რაც შესაძლოა იყოს სანქციების გამოყენების წინაპირობა. კანადა ასევე ითვალისწინებს უფრო ფართო პოლიტიკურ და საერთაშორისო კონტექსტს, გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა იყოს ეს სანქცია, თუ კანადის საგარეო პოლიტიკის რაიმე სხვა ინსტრუმენტი. ძირითად თანამოაზრე ქვეყნებთან ერთად, რომლებსაც აქვთ მსგავსი სასანქციო ინსტრუმენტები, როგორიც ჩვენ, საჭიროების შემთხვევაში გავაგრძელებთ სანქციების გონივრულ გამოყენებას", - ნათქვამია პასუხში. 


close დახურვა