logo
ENG



რას ფიქრობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე

20 იან 202109:13
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი, ტონი ბლინკენი სენატის წინაშე წარსდგა. თანამდებობაზე დამტკიცებამდე მან ადმინისტრაციის პრიორიტეტებზე ისაუბრა და სენატორების კითხვებს უპასუხა. 

კითხვები ნატოს და საქართველოს წევრობასაც შეეხებოდა.

ტონი ბლინკენს ამაზე რესპუბლიკელმა სენატორმა, რენდ პოლმა ჰკითხა. ბლინკენმა თქვა, რომ ემხრონა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, თუ ქვეყანა "წევრობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს და საერთო უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს“.

წარმოგიდგენთ კითხვა-პასუხს რენდ პოლსა და ტონი ბლინკენს შორის: (ამერიკის ხმის თარგმანი)

რენდ პოლი: ანუ თქვენ ეს წარმატებით რომ გამოგსვლოდათ, ახლა რუსეთთან ომი გვექნებოდა.

ტონი ბლინკენი: სიმართლე გითხრათ, საწინააღმდეგოს ვფიქრობ. როცა საქმე ნატოს წევრობას ეხება, არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი აგრესიულია იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ნატოში არ არიან და [უსაფრთხოების] ქოლგის ქვეშ არ არიან მოქცეული. ეს აჩვენებს იმას, თუ რატომ არ ესხმის თავს რუსეთი [ნატოს წევრებს].

რენდ პოლი: ეს [ალიანსს ] საქართველოს, [წევრად] დაამატებდა, რომელიც ოკუპირებულია და მეხუთე მუხლის მიხედვით, ჩვენ ომში ჩავერთვებოდით.

ტონი ბლინკენი: კიდევ ერთხელ, მე ვფიქრობ, ჩვენ წარსულში ვიხილეთ, რომ ქვეყნები, რომლებიც ნატოს წევრებიან არიან, რუსეთის აგრესიის ასეთი სამიზნე არ ყოფილან.

რენდ პოლი: ეს 20 წლის შეიძლება საფუძვლიან არგუმენტად მიგვეღო. დღეს კი რუსეთს საქართველოს ნაწილი ოკუპირებული აქვს და არაპირდაპირ, მხარდაჭერილი ადგილობრივი ძალებით ოკუპირებული აქვს უკრაინის ნაწილი. მე ვფიქრობ, რომ თითოეული მათგანის ნატოში შეყვანა არა მხოლოდ პროვოკაციული ნაბიჯია, არამედ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, თუ რა იქნება შემდეგი. იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს ვალდებულება ნატოს მოკავშირეები დავიცვათ, ეს იქნებოდა ხმის მიცემა ომისთვის. მე საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ხმას არ მივცემდი. არავითარ შემთხვევაში, თუ იმისთვის მზად არ ვართ, რომ ჩემი ან თქვენი შვილები წავიდნენ საომრად საქართველოში.

ჩვენ გარშემო რთული დაპირისპირებები, ომები და ოკუპაციებია. და ვფიქრობ ამ საკითხებზე უნდა დავფიქრდეთ. თითოეულ პროვოკაციას მოსდევს პასუხი. ვაკუუმში ამას ვერ განვიხილავთ. ზოგჯერ ამბობენ „არ მაღელვებს რას ფიქრობს რუსეთი,“ „არ მაღელვებს რას ამბობს თეირანი.“ თუ ჩვენს მტრებს იმდენად ვერ ვუგებთ, რომ გვესმოდეს, როგორ გვიპასუხებენ ისინი, ვფიქრობ ჩვენს საქმეს სწორედ არ ვაკეთებთ.“

ტონი ბლინკენი: გეთანხმებით.


close დახურვა