logo
ENG



რას ფიქრობს მოსახლეობა რუსეთთან კონფლიქტის არიდების მიზნით დათმობებზე - CRRC-ის კვლევა

21 თებ 202315:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/21/n0k9r2u6ak7un0c.jpg

CRRC საქართველოს ახალი კვლევის თანახმად, რეგიონის უსაფრთხოების შესახებ შეშფოთება უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მოსახლეობაში კვლავ მწვავედ იჩენს თავს. ამ საკითხზე CRRC-მ გამოკითხულ მოქალაქეებს დაუსვა კითხვა: ერთი მხრივ, შესაძლო იყო თუ არა უკრაინის მიერ რუსეთის შეჭრის თავიდან აცილება მასთან დათმობებზე წასვლის გზით, ხოლო, მეორე მხრივ, დგას თუ არა ასეთი არჩევანი საქართველოს წინაშე და რა დათმობებზე წასვლა ღირს მშვიდობისთვის?

კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების მესამედზე მეტი ამბობს, რომ ზოგადად, დათმობების მეშვეობით ომის თავიდან აცილება უკრაინაშიც შეიძლებოდა და საქართველოშიც დათმობაზე წასვლას რუსეთთან პოტენციური ომის არიდება შეუძლია.

 

 

თუმცა გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (46%) მიიჩნევს, რომ რუსეთის მიმართ დათმობები უკრაინას ომის თავიდან აცილებაში არ დაეხმარებოდა, მხოლოდ 22%-ს აქვს ანალოგიური მოსაზრება საქართველოს შესახებ. რესპონდენტთა დანარჩენი ნაწილი ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის საფრთხე საერთოდ არ არსებობს.

შედეგების მიხედვით, ქართული ოცნების მხარდამჭერებს უფრო მეტად სჯერათ როგორც იმის, რომ დათმობებზე წასვლით საქართველოს რუსეთთან შესაძლო ომის თავიდან აცილება შეუძლია, ასევე იმის, რომ უკრაინას ომის არიდება შეეძლო.

CRRC-ის განცხადებით, ახალგაზრდები უფრო ხშირად ამბობენ, რომ საქართველოს რუსეთთან შესაძლო კონფლიქტის თავიდან აცილებაში ვერანაირი კომპრომისი ვერ დაეხმარება. ამასთან, კაცები უფრო ხშირად ამბობენ, რომ უკრაინას დათმობების გზით ომის თავიდან აცილება შეეძლო, ვიდრე ქალები.

ზოგადი დათმობის გარდა, კვლევაში დასმულია კითხვები სამი კონკრეტული დათმობის შესახებ ორივე ქვეყნის შემთხვევაში. მათ შორის ეს ეხება პროდასავლურ ორიენტაციას, ტერიტორიების ნაწილსა და ოფიციალურად რუსეთთან შეერთებას. კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა არ ეთანხმება სტრატეგიული ეროვნული ინტერესების დათმობას რუსეთთან ომის თავიდან აცილების მიზნით.

როგორც შედეგებში ვკითხულობთ, გამოკითხულთა მხოლოდ მეხუთედი ეთანხმება, რომ საქართველომ რუსეთთან ომის არიდების მიზნით პროდასავლური ორიენტაცია უნდა დათმოს - თითქმის ამდენივე ვერ პასუხობს ამ შეკითხვას, ხოლო გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ამ შესაძლო დათმობას არ ეთანხმება. დანარჩენ შემოთავაზებულ დათმობებს კი მოსახლეობა კიდევ უფრო ნაკლებად უჭერს მხარს როგორც საქართველოს, ისე უკრაინის შემთხვევაში.

გამოკითხვის თანახმად, ქართული ოცნების მხარდამჭერები უფრო მეტად არიან მზად, ომის თავიდან აცილების მიზნით პროდასავლური ორიენტაცია დათმონ, ვიდრე ოპოზიციის მხარდამჭერები და პარტიებისადმი მიუმხრობლები, თუმცა უმრავლსეობა შემოთავაზებულ ვარიანტს ამ შემთხვევაშიც არ ემხრობა.

 

რაც შეეხება ტერიტორიების დათმობის ნაწილს, მას კიდევ უფრო ნაკლები მხარდაჭერა აქვს, თუმცა შედარებით განსხვავებულია მმართველი პარტიის მხარდამჭერთა პასუხები.

"მხოლოდ ქართული ოცნების მხარდამჭერების პოზიციები გამოირჩევა სხვა პარტიული ჯგუფების პოზიციებისგან: მათთვის სხვებზე მეტად მისაღებია საქართველოსა და უკრაინის მხრიდან რუსეთთან ომის თავიდან აცილების მიზნით ტერიტორიების ნაწილის დათმობა. საშუალო განათლების მქონე რესპონდენტები ოდნავ უფრო ხშირად უჭერენ მხარს უკრაინის შემთხვევაში მშვიდობისთვის ტერიტორიების დათმობას, თუმცა. საქართველოს შემთხვევაში მსგავსი ტენდენცია არ ჩანს", - აღნიშნულია კვლევაში.

დამოუკიდებლობის დათმობასა და რუსეთთან ოფიციალურად შეერთების შესახებ კომპრომისს საქართველოს შემთხვევაში გამოკითხულთა 74%, ხოლო უკრაინის შემთხვევაში რესპონდენტთა 66% მიუღებლად მიიჩნევს. 

ამასთან, დამოუკიდებლობის დათმობის ფასად ომის თავიდან აცილება ყველაზე მიუღებელია ოპოზიციის მხარდამჭერებისთვის, ახალგაზრდებისთვის, თბილისის მოსახლეობისთვის და უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებისთვის.

 

CRRC საქართველომ მოსახლეობის რაოდენობრივი სატელეფონო გამოკითხვა 2022 წლის 29 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ჩაატარა. ჯამში გამოიკითხა 1 523 ზრდასრული (18 წლის და უფროსი) საქართველოს მოქალაქე.

გამოკითხვაში გამოყენებულ შერჩევასა და მოსახლეობის დემოგრაფიულ მონაცემებს შორის განსხვავებების კომპენსაციის მიზნით, გამოკითხვის ფარგლებში CRRC-საქართველომ რანდომიზებული ექსპერიმენტი ჩაატარა. რესპონდენტები შემთხვევითი წესით სამ ჯგუფად დაიყო - ორ ჯგუფში რესპონდენტებს სხვადასხვა ინფორმაცია მიაწოდეს, ხოლო მესამე ჯგუფს რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია არ მიუღია.


close დახურვა