logo
ENG



რას წერს The Guardian აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებაზე

12 აპრ 202319:24
3 წუთის საკითხავი
 

გამოცემა The Guardian აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებაზე სტატიას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ აშშ მიხეილ სააკაშვილის საქმეს არ ახსენებს, თუმცა ეს გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტის პატიმრობასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებს ემთხვევა.

The Gurdian განიხილავს ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე აქციებს - მედია წერს, რომ აქციის მონაწილეები ქართულ ოცნებას მოსკოვის გავლენის ქვეშ ყოფნაში, პოლიტიკური ოპონენტების დაკავებასა და დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებაში ადანაშაულებენ.

"ბლინკენმა განცხადებაში აღნიშნა, რომ აშშ-ის სანქციების სიაში შეყვანილმა ოთხმა ადამიანმა - მიხეილ ჩინჩალაძემ, ლევან მურუსიძემ, ირაკლი შენგელიამ და ვალერიან ცერცვაძემ - ბოროტად გამოიყენეს მათი პოზიციები და საზოგადოებაში სასამართლო სისტემის მიმართ ნდობას ძირი გამოუთხარეს, თუმცა მას არ უხსენებია სააკაშვილის საქმე".

ამ საკითხზე The Guardian-ს ფორმულას დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი ესაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპამ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ზეწოლა უნდა გაზარდოს. მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შესახებ ემთხვევა დროს, როცა ქვეყნის მმართველი ელიტის წინააღმდეგ ქუჩის პროტესტები მიმდინარეობს.

კეზერაშვილი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება ბევრის მიერ აღიქმება, როგორც ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, რაც თავის მხრივ, აჩენს კითხვებს თბილისში რუსული გავლენის მასშტაბის შესახებ. მისი თქმით, საქართველოს მმართველებს ნათლად უნდა აჩვენონ, რომ ციხეში სააკაშვილის სიკვდილს ფასი მოჰყვება:

"ეჭვგარეშეა, რომ მოსკოვი ბევრ ფრონტზე მუშაობდა რეგიონში დასავლური ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრის მიზნით.

ევროპელი ლიდერები სასწრაფოდ უნდა გაუმკლავდნენ კრემლის ჩარევას და მკაფიოდ უნდა აჩვენონ საქართველოს მმართველებს, რომ ფასის გადახდა მოუწევთ, თუ მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოკვდება".

სტატიაში ასევე საუბარია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ექსპრეზიდენტზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ ციხეში ის განიცდის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ წამებას და რომ არის მტკიცებულებები მის ორგანიზმში მძიმე მეტალების არსებობის შესახებ.

The Guardian აქვე აღნიშნავს, რომ კვირას პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა - მათი თქმით, საზოგადოება EU-ში გაწევრიანების მომხრეა, თუმცა მითითებულია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად სასამართლო და სამთავრობო რეფორმების გატარება სჭირდება.

***

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მათ ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.

ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა და ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა. მოსამართლე ირაკლი შენგელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზეა. რაც შეეხება ვალერიან ცერცვაძეს, ის რამდენიმე წელია სასამართლო სისტემაში აღარ მუშაობს. 


close დახურვა