ქართული ოცნების დეპუტატი რატი იონათამიშვილი ირაკლი კობახიძეს, რომელმაც ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა, საქციელს უწონებს.
იონათამიშვილს მიაჩნია, რომ "აუცილებელია, მსგავს პროვოკაციებს სათანადო შეფასება მოჰყვეს, რომ აღარავინ გაბედოს მისი კადრება".
"მამის და ოჯახის მიმართ გამოთქმული შეუარცხმყოფელი ფრაზები არ ნიშნავს კითხვის დასმას, ეს არის წინასწარ დადგმული და გამიზნული პროვოკაცია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც კრიტიკულ, არც ობიექტურ და არც სუბიექტურ ჟურნალისტიკასთან.
ანუ, თუ ადამიანი შენი მთავარი სამიზნეა და მის წინააღმდეგ, წლების მანძილზე, ხელმოსაჭიდს ვერაფერს ნახავ, მაშინ უნდა იკადრო და მის ოჯახის წევრს მიაყენო შეურაცხყოფა? ეს არის სწორი და საქებარი ქმედება?
აუცილებელია, რომ მსგავს პროვოკაციებს სათანადო შეფასება მოჰყვეს, რომ აღარავინ გაბედოს მისი კადრება, თორემ უკუღმართობა იქცევა ნორმად: თითქოს პატრიოტი მოღალატეა, პატიოსანი ადამიანი - უზნეო, ცილისწამება - სიმართლე და ყველაფრის კადრება - ღირსების გამოვლენა", - წერს იონათამიშვილი.
გუშინ, 25 ივლისს ირაკლი კობახიძეს მთავარი არხის ჟურნალისტმა სთხოვა, შეეფასებინა დავით არახამიას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ "კობახიძის მამა კაგებეშნიკია", რაზეც კობახიძემ ჯერ არახამიას უწოდა არაკაცი, შემდეგ კი ჟურნალისტს - "გულისამრევი" და "სამარცხვინო".
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტზე თავდასხმა დღესაც გააგრძელა. კობახიძის თქმით, ჟურნალისტი "სიბინძურისგან იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირზე დუჟი მოადგა".