„ევროპული საქართველო“ არ დაესწრება ხვალ დაგეგმილ პლენარულ სხდომას, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით უნდა დაამტკიცონ.
როგორც პარტიის წევრმა სერგო რატიანმა აღნიშნა, იმისათვის, რომ მათ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ, ხელისუფლებამ 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შეასრულოს და გიორგი რურუა გაათავისუფლოს.
„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილი და სანამ გიორგი რურუა არ იქნება თავისუფალი, სანამ საქართველო არ გათავისუფლდება პოლიტპატიმრებისგან, ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, თუ მის გეგმებში შედის გააკეთოს ის, რაც გააკეთა ნოემბერში, ამასაც არ ვურჩევ. ასეთ შემთხვევაში, მას სერიოზული პრობლემები ექნება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - მის გარეთ“, - განაცხადა რატიანმა.
8 მარტის შეთანხმება ორ ძირითად ნაწილს მოიცავს - ერთი მხრივ, საარჩევნო სისტემის შეცვლას და პროპორციულთან მიახლოებულ საარჩევნო მოდელზე გადასვლას, მეორე მხრივ, პოლიტპატიმრების გამოშვებას. არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, 8 მარტს შედგა.
მიუხედავად ოპოზიციის, სენატორებისა და ევროპარლამენტარის მოწოდებისა, მმართველი გუნდი არ აღიარებს, რომ შეთანხმებაში პატიმრების შეწყალებაზე იყო საუბარი და აცხადებს, რომ ზოგადად, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.
მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტპატიმრები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, თუმცა გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება.