ქართული ოცნების წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ისაუბრა, თუ რატომ არ ჩადიან ქართული ოცნების წევრები კიევში მხარდაჭერის გამოსახატად ან რატომ არ ურეკავს პრემიერმინისტრი უკრაინის პრეზიდენტს. ღუდუშაურმა, რომელიც უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრია, გადაცემა 360 გრადუსში პირდაპირი პასუხი არ გასცა, თუმცა რამდენჯერმე ახსენა ქვეყნის სტაბილურობისა და ინტერესების პასუხისმგებლობაზე.
კიევში ლელოს, ნაციონალური მოძრაობისა და დროას წევრები მიეიმგზავრებიან. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს მათი ერთობლივი ვიზიტი არაა, თუმცა შესაძლოა საერთო შეხვედრები გამართონ.
პარლამენტის დეპუტატს ჰკითხეს, რატომ არ წავიდნენ მმართველი პარტიის წევრები "მორალური მხარდასაჭერად გამოსახატად", მათ შორის უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში.
"პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე. სხვა მოკავშირეები, გარშემო სამეზობლოში რომელი ნახეთ, რომ ჩვენზე მეტად აქტიურია და ჩვენზე მეტ ნაბიჯებს დგამს? [...] ფოკუსი დღეს როდესაც უკრაინისკენ არის და ამხელა ქვეყანაა, რომელიც ევროპაში ჩვენთან შედარებით ბევრჯერ დიდი ქვეყანაა, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამ რეალობაში, როდესაც ბატონი ზელენსკი, ძალიან ცუდ დღეშია უკრაინა და ვიცით რა წნეხის ქვეშაა, რომელიც ამბობს, რომ შემდეგ სანქციები არავის არაფერში არ სჭირდება. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ საქართველო, რომელიც ესოდენ პატარა ქვეყანაა, რომ ვინ იქნება ერთი ამ სიტუაციაში, რომ ჩვენ ავდგეთ და, პირდაპირ გეუბნებით, რას ვთავაზობთ, რომ ასეთი პროვოკაციული ქმედებებით, რომ პირდაპირ, ასე ვთქვათ, დაძაბულობის ხაზთან გავმაგრდეთ?" - თქვა ღუდუშაურმა.
პირველ თებერვალს პარლამენტმა მიიღო ქართული ოცნების მიერ შედგენილი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ იყო.
ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა დოკუმენტს მხარს არ უჭერდნენ. ოპოზიცია ითხოვდა, რომ კენჭი ეყარათ ალტერნატიული წინადადებისთვის, რომლითაც რეზოლუციაში რუსეთის შესახებ ჩაიწერებოდა.