ახალქალაქში ადგილობრივები გუშინ მომხდარი მკვლელობის მიზეზებზე საუბრობენ. მომხდართან დაკავშირებით ორი ვერსია ვრცელდება.
ერთ-ერთი ვერსიით, 27 წლის ვართან ვარანიანის მკვლელობა წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება. კერძოდ, ადგილობრივები ამბობენ, რომ ვარანიანმა რამდენიმე წლის წინ სასტუმროს საფასური გადაიხადა, მოგვიანებით კი, მფლობელმა ის სასტუმროში არ შეუშვა. მათი თქმით, ამის გამო მხარეებს შორის კონფლიქტი მოხდა და მათ წლების განმავლობაში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.
მეორე ვერსიით, დაპირისპირება რამდენიმე წლის წინ მომხდარ მკვლელობას უკავშირდება, სადაც დაპირისპირებული მხარეების მეგობრები მონაწილეობდნენ.
მომხდართან დაკავშირებით გარდაცვლილის ოჯახის წევრები კომენტარს არ აკეთებენ. მკვლელობის მიზეზებზე ჯერჯერობით არც ოფიციალური უწყებები საუბრობენ.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
ცნობისთვის, გუშინ ახალქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მას შემდეგ, რაც ახლობლებმა 27 ბიჭის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს, დააზიანეს 2 ავტომანქანა და დაწვეს რამდენიმე სახლი. ადგილობრივების თქმით, ინციდენტში 50-მდე პირი მონაწილეობდა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.