logo
ENG



რაუფოღლუ: მოსალოდნელია, MEGOBARI Act-ის ინიციატივა კონგრესში დღეს წარადგინონ

23 მაი 202413:49
3 წუთის საკითხავი
 

Foreign Press USA-ს კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ კონგრესიდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოში მიმდინარე მოვლენების საპასუხო კანონპროექტის - MEGOBARI Act-ის კონგრესში წარდგენას, სავარაუდოდ, დღეს აპირებს.

"განახლება!!! მოსალოდნელია, რომ "საქართველოს სანქციების" ინიციატივა (MEGOBARI Act-ის კანონპროექტი) სავარაუდოდ, დღესვე იქნება წარდგენილი. კონგრესიდან წყარომ მაცნობა", - წერს ის X-ზე.

POLITICO-მ კონგრესმენ ჯო უილსონის კანონპროექტი მოიპოვა, რომელიც აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება რუსულ კანონზე უარს იტყვის. 

კანონპროექტის თანახმად ვაშინგტონს შეუძლია ხელი მოაწეროს საქართველოს ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს, თუ მისი ხელისუფლება [ქართული ოცნება] მიატოვებს მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკას და ადამიანის უფლებათა კუთხით უკან დახევას შეაჩერებს.

მანამდე, POLITICO-მა მოიპოვა კანონპროექტის ვერსია, თუ ვის შეიძლება დაუწესოს სანქციები აშშ-მა საქართველოში. გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტით, სანქციები პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების გარდა, სამართალდამცავ ორგანოებზეც გავრცელდება. 

POLITICO წერს, რომ ოფიციალური პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის წინ წაწევაზე, შესაძლოა სანქციები დაემუქროთ, კონკრეტულად კი აქტივები გაეყინოთ და მოგზაურობა აეკრძალოთ. კანონპროექტი აშშ-ის კონგრესს უნდა წარედგინოს. 

22 მაისს რადიო თავისუფლებამ ვაშინგტონიდან წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომელსაც "ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია".

გამოცემას წყარო უყვება, რომ "ქართულ პოლიტიკურ ელიტაში რუსი აგენტების გამოაშკარავება, ისევე როგორც ჩინეთის გავლენის შემთხვევების გამოვლენა, საფუძველს გამოაცლის ქართული ოცნების ნარატივს, რომ თითქოს ის "უცხოური აგენტების" კანონპროექტით ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს".


close დახურვა