logo
ENG



რაქვიაშვილი სავალდებულო ჯარზე: როგორც ჩანს, ქართულ ოცნებას მართლაც შეეშინდა სტუდენტების

10 მარ 202317:01
3 წუთის საკითხავი
 

გირჩის წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ ქართულ ოცნებას სტუდენტების შეეშინდა და ამიტომაც თავდაცვის კოდექსის კანონპროექტში ცვლილებები შეიტანეს. მისივე თქმით, ეს კარგი ნაბიჯია, თუმცა საბოლოო ჯამში კანონპროექტი უნდა შეიცვალოს ან უკან გაიწვიონ.

"როგორც ჩანს, ქართულ ოცნებას მართლაც შეეშინდა სტუდენტების და იფიქრეს, აი, ამ სტუდენტების გაწვევის ნაწილის გაწვევის უარის თქმით, ჩააგდებენ მუხტს. მაგრამ არ უნდა მოვტყდეთ. ჯერ ერთი, კანონში არანაირი ცვლილებები არ არის შეტანილი და კანონი ისეთი ფორმით არის როგორითაც არის. მეორე, ეს არის მცირე ნაბიჯი, რომელიც კარგი ნაბიჯია, მაგრამ საბოლოო ჯამში არ გამორიცხავს იმას, რომ ათასობით ადამიანი შლაგბაუმზე ან "ვიშკაზე" წავა, თუ ქართულ ოცნებას არ შევაცვლევინეთ ეს კანონი ან უკან არ დავახევინეთ", - თქვა რაქვიაშვილმა.

გირჩი სავალდებულო სამხედრო სამსახურის წინააღმდეგია და ხვალ აქცია "არა მონობას" არის დააანონსებული. გირჩის პოზიციაა, რომ ჯარში იძულებით არავინ უნდა წაიყვანონ და იძულებით ჯარში გაწვევა – მონობაა.

"მონობა ამორალურია! ადამიანი არ არის მთავრობის მსახური", - ვკითხულობთ აქციის აღწერაში.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ახალი თავდაცვის კოდექსის კანონპროექტში ცვლილებები შედის და სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური აღარ შეეხებათ.

თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტში 28 დეკემბერს წარადგინეს. კანონპროექტის პაკეტი ამ ეტაპზე კომიტეტებმა განიხილეს და პლენარულ სხდომაზე არ გასულა. 

რიგ საკითხებთან ერთად ახალი კოდექსი სავალდებულო სამხედრო სამსახურსაც ეხება. იცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების ან მისგან გათავისუფლების პირობები, მათ შორის სასულიერო პირებისთვის. 


close დახურვა