logo
ENG



რაქვიაშვილი ჯაფარიძეზე: ისე, როგორც გაცხადებული აქვს, ალბათ, მიდის პარტიიდან

04 დეკ 202012:01
3 წუთის საკითხავი
 

გირჩის წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი პარტიის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის Facebook-ის პოსტს ეხმაურება და ამბობს, რომ ამ განცხადების თანახმად, ალბათ, ზურაბ ჯაფარიძე ტოვებს პარტიას, თუმცა გირჩი მის გარეშე "არ წარმოუდგენია".

ჯაფარიძემ დღეს, 4 დეკემბერს Facebook-ზე დაწერა, რომ მისი, იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვილის გზები გაიყო.

რაქვიაშვილს მიაჩნია, რომ ჯაფარიძის მიერ არჩეული ურთიერთობის ფორმა არასწორია. 

"გუშინწინ ჯაფარამ მე, იაგოსა და ვახოს გარკვეული ულტიმატუმი გამოგვიგზავნა, რომელიც 2 ძირითადად პუნქტს მოიცავდა: რომ გარკვეული ცენზურა უნდა იყოს განცხადებებსა თუ პოსტებზე და მეორე, პარტიის მართვიდან ჩამოშორების, რაც დიდწილად, ალბათ, უფრო იაგოს ეხებოდა. ოპოზიციის შეხვედრაზე ერთად ვიყავით, ოფისშიც რამდენჯერმე გადავიკვეთეთ, მაგრამ ზურამ მოტივები არ აგვიხსნა. საუბარი გრძელდებოდა წამები და არა წუთები. სამწუხაროდ, მეც არ ვიცი (ვინ მიდის პარტიიდან). ზურამ განაცხადა, რომ ჩვენი გზები გაიყო, მაგრამ ეს რას ნიშნავს, არ ვიცი. ისე, როგორც გაცხადებული აქვს, ალბათ, თითონ მიდის, მაგრამ მე არ წარმომიდგენია გირჩი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გარეშე," - ამბობს რაქვიაშვილი. 

მისივე თქმით, ოპოზიციასთან თანხმობის გარეშე, პარლამენტში შესვლა გამორიცხულია.

ჯაფარიძემ პარტიელებთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ერთ-ერთ ფეისბუქჯგუფში, "გირჩის ბაბლში" დაწერა: 

"სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას. ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო", - წერს ჯაფარიძე. 

ჯაფარიძე ხვიჩიას Facebook პოსტს გულისხმობს, რომელშიც ხვიჩია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა, სარგებლობის მუხლით პირის დაკავების გამო აკრიტიკებდა. 

"პორნო გადმოწერა, დაასეივა ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს", - წერდა ხვიჩია. 

ხვიჩიას პოსტს სოციალურ ქსელში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. 

იაგო ხვიჩიას განცხადების შემდეგ ჯაფარიძე რამდენიმე დღის განმავლობაში საკითხზე პოზიციას საჯაროდ არ აფიქსირებდა. 

სხვა ადამიანების მსგავსად, გუშინ თავად ხვიჩიამაც დაწერა, რომ ჯაფარიძეს ამდენად რეზონანსულ საკითხზე პოზიცია აუცილებლად უნდა დაეფიქსირებინა.

ხვიჩიამ თქვა, რომ იმ ადამიანებს შორის, ვინც, მისი თქმით, მას ლანძღავდა, ჯაფარიძის მეგობრები და დამფინანსებლებიც იყვნენ. 

გუშინ, 3 დეკემბერს Zoomer-ში ამომრჩევლების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე, ჯაფარიძეს ხვიჩიას განცხადების შესახებ კითხვა დაუსვეს, თუ როდის შეიცვლებოდა სიტუაცია პარტიაში და როდის ექნებოდათ პარტიის სხვა ლიდერებს იაგოს "მსგავს" განცხადებებზე ადეკვატური რეაქცია. 

კითხვის საპასუხოდ ჯაფარიძემ თქვა, რომ იაგოს პოზიციას არ იზიარებდა, თუმცა არა განცხადების შინაარსის გამო. მას ასევე თქვა, რომ პარტიაში რაღაცები შეიცვლებოდა. 

"კი რაღაცებს შევცვლით. მე არ ვარ მაგის მომხრე, რომ რამე თემაზე ვინმემ თავი შეიკავოს. ფუნდამენტურად არასწორი მგონია, მაგრამ ფორმას გააჩნია. როდესაც ასეთ კონტრავერსიულ თემას ეხები, როგორ გადმოსცემ საკუთარ აზრს და მინიმუმ ის უნდა გაითვალისწინო, როდესაც ასე რაღაცას ზერელედ სამი წინადადებით აგდებ და ამას მოყვება აფეთქება და გინება ყველა მხრიდან, მერე რაც არ უნდა ცადო, რაღაცების ახსნა, უნდა გესმოდეს, რომ ამითი სერიოზული ზიანი მოადგა უკვე გირჩს", - თქვა გუშინ ჯაფარიძემ. ​


close დახურვა